უცხოური მედია

რა წერია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უკრაინის საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლის წარმდგენ ქვეყნებს შორის საქართველოც იყო. დეტალურად

Nusagi

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“. აღნიშნული რეზოლუცია უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის (საქართველოს ჩათვლით) თანასპონსორობით იყო წარდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რეზოლუციის მთავარი მიზანია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას. გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ მხარეებმა შეასრულონ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ჰუმანიტარული პერსონალის, ასევე მათი სატრანსპორტო საშუალებების, მარაგისა და აღჭურვილობის უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში ამგვარი საჭიროების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის.

რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, წევრ ქვეყნებს, გაერო-ს სისტემის ორგანოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება, ასევე უზრუნველყონ ლტოლვილთა დახმარება და დაცვა. რეზოლუცია აქვე მიესალმება გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ უკრაინისთვის გაერო-ს კრიზისის კოორდინატორის დანიშვნას.

რეზოლუცია ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს. ასევე მიმართავს გაერო-ს გენერალურ მდივანს, გენერალურ ასამბლეას მიაწოდოს ინფორმაცია შემდგომში აღნიშნული რეზოლუციის შესრულების თაობაზე.

ამასთან, ხაზგასმულია უკრაინის მეზობელი ქვეყნების მხრიდან გაწეული მცდელობები უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მიღებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების კუთხით.

რეზოლუციაში ხაზგასმულია მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე, აღნიშნულია მოწოდება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოლაპარაკებების გზით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,836 ნახვა
%d bloggers like this: