უმრავლესობის წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმიანება უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს, ალექსეი დანილოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას ძალიან დაეხმარება, თუ დნესტრისპირეთი და საქართველო თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდება, რადგან რუსეთს უკრაინელი ქალების და ბავშვების დახოცვის გარდა, სხვა საქმეც ექნება.
ნინო წილოსანის თქმით, სწორედ ამ შესაძლო შედეგისგან- საქართველოს ქალაქებისა და სოფლების განადგურებისგან იცავს ქვეყანას საქართველოს ხელისუფლება .
„უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მოგვიწოდებს, რომ საქართველო ახლა ტერიტორიების დაბრუნებით უნდა დაკავდეს, რომ ამით უკრაინას შევეხიდოთ რუსეთის მხრიდან ქალაქებისა და სოფლების განადგურებაში, ბავშვების და ქალების ხოცვაში …
არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ სწორედ ამ შესაძლო შედეგებისგან ვიცავთ ქვეყანას!! და იქ, სადაც აუცილებლად სოლიდარულები ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ვერაფრით დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის აოხრებას.. მით უფრო, რომ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების პოლიტიკას ირჩევს ჩვენთან ერთად ქართული საზოგადოება“,-წერს ნინო წილოსანი.