მარიუპოლის ტელე-რადიოს პრეზიდენტმა ნიკოლაი ოსიჩენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა, რომ მარიუპოლში კოშმარი და ჯოჯოხეთი ტრიალებს.
მისივე თქმით, სხვა სიტყვებით შეუძლებელია ადამიანმა გადმოსცეს ის, რაც ახლა ამ ქალაქში ხდება.
ნიკოლაი ოსიჩენკომ ალყაშემორტყმული ქალაქიდან 15 მარტს გააღწია და ამჟამად ზაპოროჟიეში იმყოფება.
„უკვე ერთი თვეა, მარიუპოლში არ არის სითბო, საკვები, მედიკამენტები, იმედი.. არის სრული საინფორმაციო ვაკუუმი. არ არის წყალი. ხალხი დასალევ წყალს გათბობის სისტემებიდან იღებს. რამდენად ეთიკურია სათქმელად- კატის შეჭმა, მაგრამ ხალხი ამ დონემდე მივიდა. მე მილიონობით ისტორია მაქვს იმ ადამიანების, ვინც თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს. ჩემი თანამშრომელი 4 დღის წინ წამოვიდა თავის გოგონასთან და კატასთან ერთად, მათ ძალიან დიდი მანძილი იარეს ფეხით, რამდენიმე დღე სრულიად მშივრები იყვნენ და ბოლოს, ვიღაცამ მანქანა გაუჩერა და წამოიყვანა ზაპოროჟიესკენ“,-ამბობს ოსიჩენკო.
მისივე თქმით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქალაქი დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება, რადგან ქუჩები სავსეა გვამებით და ნაგვით, რომელიც არავის გააქვს.
„შეუძლებელია ქუჩებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების გატანა. ზოგ შემთხვევაში მეზობლები ახერხებენ ეზოებში ჩაფვლას. ამჟამად ამ ჯოჯოხეთში ჩარჩენილია 300 000 მშვიდობიანი მოქალაქე და მათგან 10 ათასობით ბავშვია. ვერ წარმომიდგენია, როგორ ცხოვრობენ, რითი იკვებებიან. იმისთვის, რომ ქალაქიდან ადამიანი გავიდეს, უნდა ჰქონდეს ორი ბილეთი, ესენია: მანქანა, რომელიც მოქმედია და არ დამწვარა( ქალაქი სავსეა მანქანებით, რომლის უდიდესი ნაწილი დამწვარია) , ბენზინი (დაბომბვის დროს აფეთქებულია ბენზინგასამართი სადგურები). ასევე, უნდა გქონდეს საბურავები და არ უნდა გადაუაროთ ელექტროსადენს, ტროლეიბუსის ხაზს, რადგან ბორბალს ეხვევა და ვერსად ვეღარ წახვალ. გამოსვლისას მე ვცდილობდი, დამეთვალა ბლოკპოსტების რაოდენობა, თუმცა ეს შეუძლებელია, რუსები მამაკაცებს წელსზემოთ აშიშვლებენ და ეძებენ მათ სხეულზე „აზოვის“ ტატუს, ან ავტომატის ტარებისგან დარჩენილ ნაჭდევებს“,-აცხადებს ოსიჩენკო.
მისი თქმით, მარიუპოლის მთავარი თეატრის დაბომბვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ იქ მხოლოდ 300 ადამიანია დაღუპული, სწორი არ არის.
„მსხვერპლის რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს, დამტკიცებული არ არის. ეს ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც თავის დაღწევა შეძლო. მე 18 რიცხვიდან ზაპოროჟიეში ვიმყოფები და ვცდილობ ვიპოვო იქ გადარჩენილი ადამიანები, თუმცა რეალურად ვერავინ ვიპოვე. თავი მხოლოდ ერთეულებმა დააღწიეს. შეიძლება, ათეულებმა. ეს 300 ადამიანი არის ის, ვინც არ იყო თავშესაფარში და იყო პირველ სართულზე. საშინელებაა 300 ადამიანის დაღუპვა, მაგრამ თავშესაფარში იმყოფებოდა ათასზე მეტი ადამიანი და ისინი ცოცხლად დაიმარხნენ“,-განაცხადა მან.
ნიკოლაი ოსიჩენკოს თქმით, მარიუპოლში ხანშიშესული ადამიანები იმის გამო კვდებიან, რომ მათ წამლები გაუთავდათ. ინსულინის გარეშე არიან დარჩენილი დიაბეტით დაავადებულები და ყოველგვარი მედიკამენტის გარეშეა ის ხალხიც, ვისაც ქრონიკული დაავადების გამო, ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტი, მაგალითად წნევის დამწევი საშუალებები.