უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ნეიტრალურ სტატუსთან და არაბირთვულ საკითხთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს
„უკრაინა მზად არის წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ სტატუსთან და ქვეყნის არაბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა ომი სწორედ ამიტომ დაიწყო. უკრაინას შეუძლია რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ საკითხზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საერთოდ არ დაჯდება, თუ რუსეთი დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე გააგრძელებს საუბარს. ზელენსკიმ პუტინის გეგმებს არასტრატეგიული უწოდა.
„პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, მსოფლიოში მის ადგილზე, ლიდერობასთან დაკავშირებით, ყველა იმაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება რუსეთის ნაწილი არ იყოს, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდაველები მოლდაველები არიან და უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია.
უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, რუსული ენის გავლენის დაკარგვა, მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. ახლა უნდა ეს ძალით დაიბრუნოს, რაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს, მაგრამ მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ. მეორეა, რა თქმა უნდა უკრაინის წარმატება გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული და მოსახლეობის თვალსაზრისით.
ამბიცია, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენ ხნიანია ეს ამბიცია? რამდენ წლიანი სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? ვფიქრობ, მისი გეგმები არასტრატეგიულია. მე არ ვარ რუსი ხალხის მრჩეველი, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია. პუტინს განსხვავებული მიდგომა აქვს.
რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც. მაგრამ პრობლემა ისაა, მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება?
დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია – ამას საერთოდ არ განვიხილავთ. ჩვენ საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან თუ რაიმე სახის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე ვისაუბრებთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.