დსთ-ს საკითხთა ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „დუმაში შეტანილი ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ვინც რუსულ ენას ფლობს, ყველა თანამემამულედ ჩაითვლება“.
აღნიშნულ ინფორმაციას ზატულინმა ფეიკი უწოდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ რუსული ენის ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოქალაქე თანამემამულედ ჩაითვალოს.
„იმ ადამიანების თანამემამულეებად აღიარება, ვინც რუსულ ენაზე საუბრობს, არ იგეგმება. ეს არის სიყალბე. დოკუმენტის კითხვა არ იციან. როგორ ფიქრობთ ამერიკელი ან ბრიტანელი, რომელიც არასოდეს ყოფილა რუსეთში, მაგრამ რუსულ ენას ფლობს, შეიძლება თანამემამულედ ჩაითვალოს?“, – აცხადებს ზატულინი.
ზატულინის განმარტებით, დოკუმენტი ითვალისწინებს მოქმედ კანონში „საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“ ცვლილების შეტანას.
მისი თქმით, ამ კანონში თანამემამულის განმარტება ძალიან ბუნდოვანია და სწორედ ამიტომ უნდა განისაზღვროს. ზატულინის აზრით, თანამემამულეებად ის ადამიანები უნდა მიიჩნიონ, რომლებმაც რუსული ენა იციან და ამავე დროს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრებ ხალხს მიეკუთვნებიან.
შეგახსენებთ, სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულედ ჩაითვლება.