„რეალურად, უკრაინა უნგრეთის ეკონომიკის სრულ გაცერებას ითხოვს“,-ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, უნგრეთის ნაციონალურ რადიოსადგურ Kossuth Radio-ს ეთერში გააკეთა.
უკრაინელების თხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მოთხოვნა მთლიანად გავაჩეროთ უნგრეთის ეკონომიკა, დავკარგოთ განვითარების მთელი წლები და უნგრეთის ეკონომიკა დავუბრუნოთ 8-10 წლის და შესაძლოა კიდევ უფრო წინანდელ დონეს. თუ არ იქნება ნავთობი და გაზი, უნგრეთის ეკონომიკა გაჩერდება: დაიხურება ქარხნები, იქნება მასობრივი უმუშევრობა, – განაცხადა ორბანმა Kossuth Radio-ს ეთერში.
ორბანის თქმით, ის „ყველაფერს გააკეთებს უკრაინელების დასახმარებლად, რადგან მათ თავს დაესხნენ, გასაჭირში აღმოჩნდნენ და ასეთ დრამატულ სიტუაციაში დავა იმაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი უნგრელი უმცირესობის უფლებებთან მიმართებაში, მეორეხარისხოვანია. არ დავივიწყებთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია”.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მოითხოვონ, რომ ჩვენი მათი გულისთვის თავი გავინადგუროთ“, – განაცხადა მან.
ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციები იმ შემთხვევაში შეიძლება დააწესოს, თუ სრული კონსენსუსი იქნება წევრ ქვეყნებს შორის. გერმანელები და ავსტრიელები თითქმის ჩვენნაირ მდგომარეობაში არიან – ანუ ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან ენერგეტიკულ სანქციებს, იმის შიშით, რომ დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ თავს.
„ისინიც ფიქრობენ, რომ თუ რუსული გაზი ან რუსული ნავთობი არ შემოვა, გერმანიის ან ავსტრიის ეკონომიკა შეჩერდება“, – თქვა ორბანმა. მისი თქმით, პრობლემა არის არა ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით გაზი შეიძლება ცოტათი გაძვირდეს – ამისთვის წინასწარ იქნებოდა შესაძლებელი მომზადება, – არამედ ის, რომ გაზი ან იქნება, ან არა.
უნგრეთის მოხმარებული ნედლი ნავთობის 61% და ბუნებრივი აირის 85% იმპორტირებულია, ჩვენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მხოლოდ იმ ტიპის ნავთობზე შეუძლიათ მუშაობა, რომელიც რუსეთიდან შემოდის და მათ სხვა ნავთობზე გადასაყვანად წლებია საჭირო, – აღნიშნა ორბანმა.