დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.
„2 აპრილს, პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს სპიკერის თქმით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 237 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი.
ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.
„მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ისე გარდაბანსა და რუსთავში“, – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი” ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.