უნგრეთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ი ლიდერია.
„ჩვენ მოვიპოვეთ ისეთი გამარჯვება, რომელიც ჩანს მთვარიდან, რა თქმა უნდა, ის ჩანს ბრიუსელიდანაც“, – განაცხადა ორბანმა გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას.
უნგრეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ოპონენტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი არჩევა „მესიჯს უგზავნის“ არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკისაც.
„ეს გამარჯვება სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება, რადგან მოგვიწია ბრძოლა უამრავ ოპონენტთან: ადგილობრივ მემარცხენე ფრთასთან, საერთაშორისო მემარცხენე ფრთასთან, ბრიუსელის ბიუროკრატებთან, სოროსის იმპერიის მთელ ფულთან და ინსტიტუტებთან. საერთაშორისო მეინსტრიმ მედიასა და უკრაინის პრეზიდენტთან. ჩვენ არასდროს გვყოლია ამდენი ოპონენტი ერთდროულად“, – განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
ვიქტორ ორბანი 12 წელია ქვეყნის ხელისუფლებაშია. პარტია Fidesz-ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კი მას ხელისუფლებაში მეოთხე ვადით, 2026 წლამდე ყოფნის საშუალებას მისცემს.