პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: გია ლორთქიფანიძე არ მუშაობს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში და არავითარი შეხება არ აქვს სამხედრო დაზვერვასთან

შიდა დაპირისპირებაში ამ ინფორმაციის გადატანა თავის მართლებაა – შევახსენებ ყველას, გია ლორთქიფანიძე არ მუშაობს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში, ის მუშაობს სრულიად სხვა უწყებაში და არავითარი შეხება არ აქვს სამხედრო დაზვერვასთან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველ გუნდში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, უკრაინაში, სადაც ახლა რუსეთი გენოციდს აწყობს, არავის სცალია საქართველოს შიდა დაპირისპირებისთვის.

„წარმოუდგენელი გენოციდი ხდება უკრაინაში. უკრაინელი ხალხი, პრეზიდენტი, დაზვერვა, პოლიცია, ყველა, არის უმძიმესი სამხედრო აგრესიის მოწმე და თუ ვინმეს ჰგონია და თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ვინმეს სცალია საქართველოს შიდა დაპირისპირებისთვის. ეს არის ძალიან მძიმე ინფორმაცია ქვეყნისთვის, ამიტომ ის, რომ შიდა დაპირისპირებაში გადაჰყავთ ეს ინფორმაცია, არის ძალიან ფუჭი და აბსურდული განცხადებები, რაც თავის მართლებაა უმრავლესობის მხრიდან. როცა ბრალდებაა, რომ გია ლორთქიფანიძე სადღაც მუშაობს, შევახსენებ ყველას, რომ ის არ მუშაობს სამხედრო დაზვერვაში, ის მუშაობს სრულიად სხვა უწყებაში და არავითარი თანკვეთა და შეხება არ აქვს სამხედრო დაზვერვასთან, ეს არის ღია ინფორმაცია. მე ახლა შეკითხვას ვუსვამ საქართველოს ხელისუფლებას, ჰქონდათ თუ არა მათ კომუნიკაცია თავის კოლეგებთან უკრაინაში, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ინფორმაციაზეა საუბარი?”- განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ახლა რაც უნდა გააკეთოს, პირველ რიგში უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია და ინფორმაციის ორმხრივ ფორმატში გაცვლაა. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის და სხვა ქვეყნების მონაწილეობით შესაძლებელია, საგამოძიებო ჯგუფიც შექმნას.

„რა თქმა უნდა, ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას მივეკუთვნებით, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია ჰქონდეს არაკანონიერი დერეფნები, რომელიც ხელს უწყობს სანქციებში მოყოლილ პროდუქციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეც ველოდები კონკრეტულ მტკიცებულებებს და მე დღეს თქვენს კოლეგებს, უკრაინელებს, ეს ვუთხარი, მაგრამ მე რომ ვიყო საქართველოს ხელისუფლების ადგილას, მოვიქცეოდი შემდეგნაირად და (გეტყვით) როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება – აუცილებლად მექნებოდა კონტაქტი იმ კოლეგებთან, მათ შორის, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან, ვინც ამაზე საუბრობს, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა უკრაინასთან და უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს ორმხრივ ფორმატში, ურთიერთთანამშრომლობა უნდა შედგეს. შევქმნიდი სპეციალურად პატარა საგამოძიებო ჯგუფს, მოვიწვევდი უკრაინელ ექსპერტებს და არამხოლოდ უკრაინელ ექსპერტებს, საერთაშორისო ექსპერტებს, თუ რა ინფორმაციაა და რატომ მოდის ასეთი მძიმე ინფორმაცია და საჯაროდ წარვუდგენდი ამ ინფორმაციას საზოგადოებას. თუ ხელისუფლება იქნება თავდაცვის რეჟიმში გადასული და მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრებენ, ეს აჩენს სერიოზულ ეჭვებს. ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე, რაც დაუყოვნებლივ უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ,”- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

აღნიშნულს მმართველ გუნდში აბსურდი უწოდეს და მსგავსი ინფორმაციის არსებობა “ნაციონალურ მოძრაობას” და უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს დაუკავშირეს. გია ლორთქიფანიძე, რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენილი და ძებნილია, ცოტა ხნის წინ უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,647 ნახვა
%d bloggers like this: