საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ალიანსს ნატო-ს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას წარმოადგენს.
„საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხაზი გაესვა.
მხარეებმა მზაობა დაადასტურეს, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატო-ს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.