რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს უკრაინის მხარეზე მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის სამართლებრივი დევნა დაავალა, – ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი მიიჩნევს, რომ „ქართული ლეგიონის“ მებრძოლებმა რუსი სამხედროების მიმართ დანაშაული ჩაიდინეს.
„საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ დაავალა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს, დაესაჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამულაშვილი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. დანაშაულების გარდა, მამულაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ იგი აპირებს, რუსი სამხედროების წამება და მკვლელობა გააგრძელოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვი აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით, ბასტრიკინმა გამომძიებლებს დაავალა, დაადგინონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გარემოებები და ყველა მონაწილეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრონ.
მამულაშვილი რუსების ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც დაჭრილ რუს სამხედროს კლავენ, შემდეგ კი კადრში, სავარაუდოდ, ქართველი სამხედრო ჩნდება. გარდა ამისა, ერთ-ერთ ინტერვიუში მამულაშვილმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროებისა და კადიროველების ტყვედ აყვანას არ აპირებს. მოგვიანებით „ქართული ლეგიონის“ მეთაური აღნიშნულ ვიდეოსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ვიდეო კი „ფეიკია“.
„ყველა ტყვეს უკრაინულ მხარეს გადავცემთ. მე რომ მეგულისხმა, რომ ვიღაცას ვკლავთ, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ტყვეებს ვკლავთ. უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლიჯეს ყველაფერი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსული მედია ამას გააკეთებდა. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, იგი, სავარაუდოდ, რუსების მიერ დამზადებული „ფეიკია“, – განაცხადა მამულაშვილმა.