ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას,რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გმირების ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, მათ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ.
„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგიკული დღე, ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. სწორედ ამ გმირების, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მან.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.