არასათანადო – ასე აღწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩასა და ირპენის მოსანახულებლად , – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და რუსთაველის ერთ-ერთი აფორიზმის პერიფრაზით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
მისი თქმით, უკრაინა აფასებს დახმარებას.
“კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არიან ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხებში გვიწევენ დახმარებას.
ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში უდგას ჩვენს დამცველებს და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან, ისევე როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს. ისინიც ქართველების გვერდით იდგნენ რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, ოკუპირება მოახდინა თქვენი ტერიტორიის ნაწილის, დახოცა თქვენი ხალხი“ , – დასძინა უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან, უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე.
“უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების (“ბუკ“, “ოსა“) წყალობით თქვენ დაიცავით თქვენი ცა“, – დაწერა მან.
„მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა გააკეთოს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, დიდი შოთა რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვა:
“ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“. – წერს რუსლან სტეფანჩუკი.
შეგახსენებთ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მანაც მიიღო რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის განმარტებით, საკითხების განუმარტებლობის ფონზე, “ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.