მეცნიერება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Nusagi

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პრემია „თამარი“ 2017 წელს დააფუძნა, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება.

სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის – თამარის პატივსაცემად ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია უკვე წლებია, რაც სტიმულის მიმცემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. პრემია ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.

სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით გაიცა:

I პრემიის მფლობელი  მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,  პროფესორი დავით მაღრაძე გახდა,

II პრემია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, CIU -ს ასოცირებულ პროფესორს სოფიო კასრაძეს ერგო,

III პრემია კი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს – ვახტანგ მაისაიას გადაეცა. ასევე, პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის გადაეცა სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტს თამთა წირქვაძეს. სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ბექა ქანთარიამ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო (სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ორივე კონკურსანტს 3000/3000 ლარი გადაეცათ, I პრემია – 3000 ლარი, II პრემია – 2000 ლარი, III პრემია – 1500 ლარი და IV პრემია – ახალგაზრდა მეცნიერისთვის 1000 ლარი) და კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი მედლები გადაეცათ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი, სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა. 

გამარჯვებულებს ჯილდოს მიღება მიულოცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: