ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისთვის გამაოგნებელია, ვინაიდან ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბატონი თენგიზი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს – გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა, მოვახსენე პაციენტების მდგომარეობის შესახებ, რაშიც დაინტერესებული იყო. მოგვცა შესაბამისი მითითებები“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა თენგიზ ცერცვაძესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ პირიქით, დაწესებულების ხელმძღვანელი მინისტრის მიმართ კეთილგანწყობილი იყო.
„არა, არა. პირიქით, ძალიან კარგი განწყობითაა ჯანდაცვის მინისტრის მიმართ. ჩემი ინფორმაციით, ყოველთვის კმაყოფილი და კარგი განწყობით იყო“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
აუდიტის სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, მარინა ენდელაძემ განაცხადა: „მე ვიცი, რომ ჩვენს კლინიკაში არანაირი დარღვევა არ არსებობს და ვერ გამოვლინდება, ვინც არ უნდა შემოვიდეს [შესამოწმებლად]“.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მასთან შეხვედრას გეგმავს.