უცხოური მედია

როგორ და რატომ გადაწყვიტა პუტინმა უკრაინაში შეჭრა?

Nusagi

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, სულ უფრო მეტი რუსი მაღალჩინოსანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება რუსეთს მრავალწლიან იზოლაციაში მოაქცევს. ეს კი ქვეყნის ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევს და უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. თუმცა გამოცემის მიერ გამოკითხული რესპონდენტები იმის შანსსაც კი ვერ ხედავენ, რომ ვლადიმერ პუტინი კურსს შეცვლის. მათი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მისი უკომპრომისო მრჩევლების ვიწრო წრეს და ომის მოსალოდნელი შედეგების საფრთხის შეფასების გაგონებაც არ უნდა.  

რა ხდება?

Bloomberg-ის ორი წყარო ირწმუნება, რომ უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება პუტინმა რამდენიმე „ქორთან“ ერთად მიიღო. მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. სააგენტოს ცნობით, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში პუტინის მრჩეველთა წრე და კონტაქტები კიდევ უფრო შეიზღუდა. იქამდე კი ის რეგულარულ კონსულტაციებს გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯგუფისგან იღებდა. უკრაინაზე თავდასხმიდან თითქმის რვა კვირის შემდეგ, მსხვერპლის რაოდენობა სულ უფრო იზრდება და რუსეთი უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლაციის წინაშე დგას. „კრემლის მაღალჩინოსნების მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობა ომის დაწყების გადაწყვეტილებას ჩუმად ეჭვქვეშ აყენებს,“-  წერს Bloomberg-ი. 

„კატასტროფული შეცდომა“

ათამდე რესპონდენტზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ირწმუნება, რომ ომის კრიტიკოსები რუსეთის სამთავრობო და სახელმწიფო ბიზნესში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში შეჭრა იყო კატასტროფული შეცდომა, რომელიც ქვეყანას წლებით უკან დააბრუნებს. აღსანიშნავია, რომ ყველა წყარო სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, რადგან შიშის ფაქტორი საკმაოდ დიდია. ჯერჯერობით ეს ადამიანები ვერ ხედავენ ვერანაირ შანსს, რომ პუტინი თავის პოლიტიკას შეცვლის. მათი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სულ უფრო დამოკიდებული ხდება რადიკალურ მრჩეველთა ვიწრო წრეზე და ის უგულებელჰყოფს  სხვა ოფიციალური პირების მცდელობებს,  რომ პუტინი მოსალოდნელი ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგების შესახებ გააფრთხილონ.  

Bloomberg-ის ზოგიერთი რესპონდენტის თქმით, ისინი აშშ-ის დაზვერვის ჩინოვნიკების მოსაზრებას იზიარებენ, რომ პუტინი შეიძლება ბირთვული იარაღის შეზღუდულ გამოყენებაზეც წავიდეს, თუკი წარუმატებელი აღმოჩნდება მისი კამპანია, რომელსაც ის თავის ისტორიულ მისიად მიიჩნევს. „რა თქმა უნდა, პუტინის ომს რუსული ელიტის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს. ბევრი ინსაიდერი საჯაროდ და პირად საუბრებშიც მხარს უჭერს კრემლის ვერსიას, რომ დასავლეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იყო და რუსეთის ეკონომიკა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ ფართომასშტაბიან სანქციებთან ადაპტირდება. საზოგადოების მხარდაჭერაც ძლიერია, რადგან სანქციების თავდაპირველი შოკი და ზარალი რუსეთში ერთგვარმა სიურრეალისტურმა სტაბილურობამ ჩაანაცვლა“,- ვკითხულობთ სტატიაში. 

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გარდაუვალობის შესახებ გზავნილები პუტინის გამოსვლებში რეგულარულად ისმის. თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი რუსი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ომის გაგრძელების შესახებ პუტინის დაჟინება რუსეთს წლების განმავლობაში იზოლაციაში მოაქცევს და მისი გლობალური გავლენის შესუსტებას გამოიწვევს, –  ასკვნის Bloomberg-ი.

“ვეცადეთ, აგვეხსნა”

სააგენტოს მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობის პირები ცდილობდნენ, პუტინისთვის სანქციების დამღუპველი ეკონომიკური გავლენა  აეხსნათ. თუმცა პუტინმა ეს გაფრთხილება უგულებელჰყო. მან თქვა, რომ მართალია, რუსეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, მაგრამ მას ომის გაჩაღების გარდა დასავლეთმა სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

პუტინმა საჯაროდ ისიც  განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „ეკონომიკური ბლიტცკრიგის“ მცდელობა ჩაიშალა. ”გათვლა იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა სწრაფად შეერყიათ, გამოეწვიათ ბაზრებზე პანიკა, საბანკო სისტემის კოლაფსი და საქონლის მასშტაბური დეფიციტი მაღაზიებში. უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთთან მიმართებით ასეთი პოლიტიკა ჩავარდა, ეკონომიკური ბლიტცკრიგის სტრატეგიამ ვერ იმუშავა,“- თქვა მან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე.  

პუტინი ძველებურად დარწმუნებულია, რომ საზოგადოება მას მხარს უჭერს და რუსები მზად არიან, მათი პრეზიდენტის ნაციონალური სიდიადის ხედვას საკუთარი კეთილდღეობა ანაცვალონ,-  წერს Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტო შეგვახსენებს, რომ ცენტრალური ბანკის მკაცრი კონტროლის ზომების მეშვეობით, რუბლმა თავდაპირველი დანაკარგის უმეტესი ნაწილი  აღიდგინა და მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა, ეკონომიკური ზარალი ჯერჯერობით შეზღუდულია. პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ომის გაგრძელება – მიუხედავად იმისა, რომ კრემლს თავისი ამბიციების შემცირება მოუწია, რაც უკრაინის ტერიტორიების უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებას გულისხმობდა და ახლა დონბასისთვის დამღლელ ბრძოლაზე ფოკუსირდა. 

ისინი, ვინც პუტინის ხაზს არ ეთანხმებიან, ვერ ხედავენ იმის ნიშანსაც კი, რომ ის მზადაა ომის დასრულება განიხილოს (დანაკარგების გათვალისწინებით) ან წავიდეს სერიოზულ დათმობებზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად არის საჭირო. „პოლიტიკურ სისტემაში მისი ტოტალური დომინირების გათვალისწინებით, ალტერნატიული შეხედულებები მხოლოდ პირად სივრცეებში ჟღერს,“ – წერს სააგენტო. 

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, მილიარდერ რომან აბრამოვიჩს, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ორგანიზებაში იყო ჩართული, უნდა გაექარწყლებინა პუტინის მოსაზრება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანას რუსეთის შეჭრისთანავე დატოვებდა. სანქცირებულმა მილიარდერმა მიხაილ ფრიდმანმა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში Bloomberg-თან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ ვერავინ ბედავს რუსეთში ომის საჯაროდ დაგმობას. „ბატონ პუტინსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს შორის დისტანცია ჰგავს მანძილს დედამიწასა და კოსმოსს შორის. პუტინისთვის ომის წინააღმდეგ რაიმეს თქმა ნებისმიერისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა,“- განაცხადა მან. 

მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ომს “სიგიჟე” უწოდა და თქვა, რომ  „სამწუხაროდ, მშვიდობა უახლოეს თვეებში არ იქნება,”- იხსენებს Bloomberg-ი. კიდევ უფრო მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა Tinkoff Bank-ის დამფუძნებელმა, ოლეგ ტინკოვმა, რომელმაც ომის მხარდამჭერები და რუსული არმია გააკრიტიკა. სააგენტო იხსენებს, რომ ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც “უკრაინაში შეჭრის გამო კრემლთან კავშირი საჯაროდ გაწყვიტა “, ანატოლი ჩუბაისია. ის მდგრადი განვითარების საკითხებში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი იყო. ჩუბაისი სტამბოლში გაფრინდა, თუმცა თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა. 

დანარჩენებს, რომელთაც წასვლა სურდათ, მათ შორის ცენტრალური ბანკის დირექტორს, ელვირა ნაბიულინას, უთხრეს, რომ უნდა დარჩენილიყვნენ, რათა ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში მთავრობას დახმარებოდნენ, – წერს Bloomberg-ი. სააგენტო უფრო ადრეც იტყობინებოდა, რომ ნაბიულინამ გადადგომა ომის დაწყებისთანავე სცადა, მაგრამ პუტინმა უარი უთხრა. ამის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ნაბიულინას თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. Bloomberg-ის ცნობით, რუსმა მაღალჩინოსნებმა „მოღალატეები“ უწოდეს იმ ადამიანებს, რომელთაც ქვეყანა დატოვეს. 

მათივე ინფორმაციით, ელიტის ზოგიერთი წევრი კიდევ უფრო მკაცრ მიდგომას ემხრობა. გამოცემა იხსენებს, რომ როდესაც კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მხარი დაუჭირა ტელეწამყვან ივან ურგანტს, რომელმაც რუსეთი დატოვა, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ის პატრიოტიზმის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა. „ახლა უთანხმოებისა და დისკუსიის დრო არ არის, ყველამ უბრალოდ უნდა შეასრულოს პრეზიდენტის ბრძანებები და სანამ პუტინი სიტუაციას აკონტროლებს, ხალხი მას მიჰყვება“, – ამბობს პროექტ R.Politik-ის ხელმძღვანელი ტატიანა სტანოვაია. 

წყარო:imedinews

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,505 ნახვა
%d bloggers like this: