ყველაზე რთული ყოფილა, როდესაც ცხედარიც არ არის. შავებსაც კი ვერ ვიცვამთ,- ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ „იმედის“ ეთერში, უკრაინაში დაღუპულ ძმაზე, ბახვა ჩიქობავაზე პირველად ისაუბრა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა, რადგან მანამდე გავრცელებული ცნობები ტყუილი აღმოჩნდა. ამიტომ ოჯახს იმედის ნაპერწკალი კიდევ აქვს.
„ახლა იერუსალიმში ვიყავი და მოსახსენებელში, ცოცხლებშიც და მიცვალებულებშიც ჩავწერე. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაცას ჩაიხვევს და იმედს ეჭიდება, მაგრამ არის რაღაც ნაპერწკალი, ჩვენ პრაქტიკულად, არ ვიცით, რა ვითარებაში დაიღუპა ბახვა. თავდაპირველად იყო ცნობა, რომ ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ეს მისმა მეგობარმა თქვა, მინდა, გიორგის ჯანმრთელობა ვუსურვო. მან თქვა, რომ ბახვა გადაეფარა ახალგაზრდა ჯარისკაცებს, ოღონდ გიორგიც ყვებოდა ერთ-ერთი ჯარისკაცის ნაამბობს, რომელიც მასთან ერთად ლაზარეთში იწვა. ამის შემდეგ ჩვენ გავედით რაღაც კონტაქტებზე. მე მქონდა საუბარი უკრაინის გენშტაბთან, მაღალი თანამდებობის პირებს ვესაუბრე, რათა გამეგო ზუსტი თარიღი და ლოკაცია, სად მოხდა მისი დაღუპვა. იცით, რომ ეს ქრონიკები რჩება და შემდგომში, შეიძლება რაღაცის აღდგენა. იქ მითხრეს სულ სხვა რამ- რომ ჩიქობავა დაიღუპა გმირულად. ის მიდიოდა შტურმზე და ამ დროს აფეთქდა ნაღმზე. შესაბამისად, განგვიმარტეს, რომ მათთვის უცნობია, სად არის ცხედარი“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
მისივე თქმით, გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსატანად შტურმი გახდა საჭირო, ტყუილი აღმოჩნდა.
„ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, მე მამიდასთან ვიყავი სენაკში, ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით საელჩოს და ბახვას კიევში მყოფ მეგობრებს და გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი. ასეთი დიდი სადარდებელი გვაქვს, თუმცა მე მამიდას შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს და ბახვას ცხედარს (თუ არსებობს..) დავაბრუნებ. თუმცა რაღაც იმედი კიდევ გვაქვს, ბეწვზე დაკიდებული. ამ იმედით ვართ“,-განაცხადა მან.
„მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სპეცრაზმი, რომლის უფროსიც საქართველოში იყო, ბახვამ შექმნა თვითონ. მაშინ სულ პატარა ბიჭი იყო. ვერტმფრენიც კი, თავისი ხელით ააწყო. ძალიან განათლებული იყო, ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული და ტექნიკაში საოცრად ერკვეოდა. მას აქვს მიღებული ოთხი გორგასლის ორდენი. ერთი- პირველი ხარისხის, ორი-მეორე ხარისხის და ერთი-მესამე ხარისხის. ეს არის 2008, 2006 და 90-იან წლებში. ბახვა საქართველოში სანამ იყო, ნამდვილი გმირი იყო, უკრაინაშიც იყო გმირი, რადგან იბრძოდა იმ ქვეყნისთვის, რომლის მოქალაქეც იყო. აი ასეთი საამაყო ბიჭია“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.