პოლიტიკა

ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის $607 მილიონის გადახდას დააკისრებს – Bloomberg

Nusagi

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-სთან დავაში ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა დაადგინა. შეფასების მიხედვით, შვეიცარულმა ბანკმა ექს-პრემიერის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარი უნდა გადარიცხოს, რაც უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილებითაც გამყარდება.

თანხის ზუსტი მოცულობის განსაზღვრა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც მარტში ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-მა ივანიშვილის სასარგებლოდ მრავალმილიონიანი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ კომპენსაციის ზუსტი მოცულობის დადგენაზე მიდიოდა მსჯელობა.

Credit Suisse-სთან დავის – ისტორია:

სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.

იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ანალოგიური შინაარსის დავისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილი სინგაპურშიც, სადაც 800 მილიონის კომპენსაცია არის მოთხოვნილი. საქმის განხილვები 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,119 ნახვა
%d bloggers like this: