Uncategorized

კომუნიკაციების კომისიამ პარტნიორებთან ერთად ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმს უმასპინძლა

Nusagi

კომუნიკაციების კომისიაში საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ფარგლებში ტელეკომ სფეროსა და მედიაწიგნიერების მიმართულებით პანელური დისკუსიები გაიმართა. ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის მხარდაჭერით, კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით ჩატარდა. პანელურ დისკუსიებზე საქართველოში ტელეკომ ბაზრის გახსნისა და ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე სფეროს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა საკუთარი მოხსენებები წარადგინეს. 

პირველი პანელური დისკუსია, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საქართველოს ICT კლასტერის ხელმძღვანელმა დავით კიზირიამ გახსნეს, ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში სატელეკომუნიკაციო სექტორის როლსა და განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა. პანელის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ციფრული ჰაბი და საქართველოში რეგიონის უსაფრთხო ციფრული კორიდორის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, 5G ტექნოლოგიის დანერგვისა და ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების საჭიროებები და ხედვა, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში და საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობა, ინოვაციური ციფრული პლატფორმები საქართველოში. დისკუსიაში მონაწილეობა მსოფლიო ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ოუფენ ნეტის“, MVNO ასოციაციის, GITA-ს, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის, ასევე მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მიიღეს. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მეორე პანელი საინფორმაციო ერაში მედიაწიგნიერების როლის მნიშვნელობას მიეძღვნა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ გახსნა. აღნიშნულ პანელზე განხილული იყო მედიაწიგნიერების მიმართულებით თემები, მათ შორის, რა სიკეთეები და გამოწვევებია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით, როგორია მედიაწიგნიერების როლი სამოქალაქო განათლებისა და სასწავლო პროცესში, რა ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული მედიაწიგნიერების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის, ასევე, რა როლი აქვს მედიაწიგნიერებას მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მიმართულებით. 

დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა ციფრული წიგნიერებისა და კიბერეთიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს. აღნიშნულ პანელში მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, პარტნიორებმა, მათ შორის, გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის (UNICEF), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, მედიააკადემიის, ჯეოლაბის, PH International-სა და BTU-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი 2022 წლის 27 ივნისს გაიხსნა და 5 დღის განმავლობაში ღონისძიებები ოთხ ძირითად თემაზე: სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები ტარდება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: