საზოგადოება

ხოშტარია რუსეთიდან გადმორიცხულ ფულზე – მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ფულს, სულერთია რუბლებშია თუ დოლარებში, ეს ფული რომ რუსეთში მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი

Nusagi

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მამას, გოგო ხოშტარიას რადიო თავისუფლება რუსეთიდან გადმორიცხულ ფულთან დაკავშირებულ დეტალებზე ესაუბრა.

გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ რუსეთიდან მისი ბიძის, სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება.

გოგი ხოშტარია: ძალიან ნათელია. ჩემი ქალიშვილია ელენე ხოშტარია, რომელიც სანქციებზე დაეტაკა მთავარ ოლიგარქს და მის ქვემოთ მყოფ ხუთ ოლიგარქს. მათ ეს ცხადია, არ მოეწონათ. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, ეს არის სოლიკოს ფული. მე ამ ფულს არ დავუტოვებ რუსეთს. მე რომ 1994 წლიდან ეს ფული მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი. ეს ბიძაჩემის ფულია, მე და მანანა ხიდაშელი [გოგი ხოშტარიას დეიდაშვილი – რ.თ.] თანაბრად ვინაწილებთ ამ ფულს. ეს არ არის რუსის ფული.

რადიო თავისუფლება: როგორ გაიგეს ამ შემოსავლის შესახებ? ბანკისგან?

გოგი ხოშტარია: აშკარად შეკრულია ბატონი რუხაძე [ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი] KGB-სთან. შედარებით დიდი თანხა…. თანხა როგორ მოდის, იცით, გროვდება და წელიწადში რამდენჯერმე, ორჯერ, სამჯერ ირიცხება. როცა ჩემმა ქალიშვილმა მათი მხილება დაიწყო, ამაზე რუხაძემ, მე კი არა, მამაშენიო. მან ის ვერ გათვალა, რომ ელენეს ეგ ვერ შეაშინებს, მეც ვერ შემაშინებს და გამოჩნდა, რომ თვითონ კაგებეშნიკია.

ჩვენ აჭარაში, ბათუმში, ვიყიდეთ პატარა ბინა, ორი ოთახია. მე და ჩემმა მეუღლემ. როგორც კი ვიყიდეთ, მეორე დღეს კი არა, იმ დღესვე იცოდნენ. იქ მოვარდნენ ხალხი, [კითხულობდნენ] რა ფული? რომელ ბანკში? ვინ იყიდა?

რადიო თავისუფლება​: ეს ფული, ბევრი ფულია? აქცია დაფინანსდება?

გოგი ხოშტარია: გააჩნია რასთან შედარებით. უკრაინელებს რომ დავეხმარო, ამას ყოფნის… ჩემთან სახლში ცხოვრობდა თვეზე მეტი უკრაინელი გოგო.

რადიო თავისუფლება​: ხელისუფლებამ თქვა, რომ რუსეთიდან მიღებული ფულით 20 ივნისის აქციას აფინანსებდა ელენე. ამას ეყოფა ეს ფული?

გოგი ხოშტარია: ამდენი ნამდვილად არ არის. საერთოდ, არც მესმის, რას ჰქვია აქციაზე მოსულ ადამიანებს ფული გადაუხადო. აქციაზე მოდის ის, ვისაც მოსვლა უნდა. ეს ლაწირაკი საწყლები თავს ისულელებენ.

ასი ათასი ადამიანი იყო იმ აქციაზე [გულისხმობს 2022 წლის 20 ივნისის აქციას – რ.თ.], თუ მეტი არა. რაც მე მინახავს, ერთ-ერთი უდიდესი აქცია იყო. როგორ შეიძლება ასი ათასზე მეტი ადამიანი მოიყვანო აქციაზე ფულით. ეს ხომ იდიოტობაა.

რადიო თავისუფლება​: თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ის, რომ საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ?

გოგი ხოშტარია: ფრთხილად უნდა იყო. ამ ცუდ და ბნელ საქმეში… ნიჭიერი ადამიანი არ მიდის… თავმოყვარე, წესიერი, ღირსეული ადამიანი ამ სიბინძურეში არ გაერევი. უკრაინას ლანძღვას ვერ დაუწყებ. ასე არ შეიძლება, რაღაცები არის, რაც არ უნდა იკადრო.

მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ საეჭვო ფულს არ ვიღებ, შენ უნდა დამიმტკიცო, რომ ეს რუსული და საეჭვო ფულია.

რადიო თავისუფლება​: მამუკა მდინარაძემ თქვა, პროკურატურას მივმართავთ, თუ არ გაასაჯაროებს ხოშტარიების ოჯახი ამ ფულის შესახებ ინფორმაციასო.

გოგი ხოშტარია: მიმართოს. გინდა პროკურატურას და ვისაც უნდა. თუ ომია, ომი იყოს.

ძალიან ბევრი არიან „მლოკავები“, რომლებიც… ცდილობენ მათგან [მთავრობისგან] ქულები დაიმსახურონ. ნაკლებად იცნობენ სოლიკოს, იმდენი ბნელი წამოვიდა, ყველამ არ იცის.

სოლიკო ვირსალაძე დაიბადა ძალიან ინტელიგენტურ, კულტურულ ოჯახში. დედამისი, ელენე მუსხელიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ევროპული განათლებით, ჟენევაში დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი. მამა მენშევიკების მთავრობის დროს საგადასახადოს უფროსი იყო. ეხმარებოდა გადასახადების აკრეფაში როგორც ნოე ჟორდანიას დროს, ისე შემდეგში, ბოლშევიკებს და მადლობის ნიშნად დახვრიტეს 1937 წელს, ისე როგორც მამაჩემი…

სოლიკო გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მომენტში იმყოფებოდა მაშინდელ ლენინგრადში. იქ რეპრესიები უფრო ადრე დაიწყო და უფრო ადრე შენელდა. საბჭოთა კავშირში რეპრესიები სულ იყო, მაგრამ ეს ტოტალური რეპრესიები იქ 35-36 წლებში იყო.

1936 წელს მოხვდა დეკადაზე, როგორც ოპერა „დაისის“ გამფორმებელი. სულ ახალგაზრდა იყო, 27 წლის.

ლენინგრადის საიმპერატორო თეატრმა მიიწვია მხატვრად. დადგა სპექტაკლი და აქედან წერენ, არ ჩამოხვიდე, ევგენი მიქელაძე დაიჭირეს, მამაჩემზე, ეგეც დაიჭირეს, მის მეგობარზე, გოგია ელიავა დაიჭირეს… 25 წელი იმუშავა იმ თეატრში, მთავარ მხატვრად მუშაობდა. როგორც კი პენსიაზე გავიდა, დაწერა განცხადება და ჩამოვიდა საქართველოში.

ერთადერთი წყენა ჰქონდა, მეტი უნდოდა გაეკეთებინა საქართველოში. ბოლოს, ვიღაც მამაძაღლი იყო „ცეკაში“, ვინც ბლოკავდა, აქ რომ არ ჰქონოდა დადგმები.

ეგეთი ნათქვამიც ჰქონდა, ჟენია [ევგენი მიქელაძე] რომ არ დაეხვრიტათ, ჟენია, ვახტანგი [ვახტანგ ჭაბუკიანი] და მე გავაკეთებდით მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალურ თეატრსო.

რადიო თავისუფლება​: ახლა ისევ ბევრგან იდგმება მისი სპექტაკლები და ოპერები?

გოგი ხოშტარია: ყველგან იდგმება, როგორც დიდ თეატრში, ისე მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ თეატრებში. თვითონ ყველაზე მეტად მოსწონდა „მძინარე მზეთუნახავი“. საკმაოდ მკაცრი იყო თავისი თავის შეფასებაში, ამაზე ფიქრობდა, რომ კარგად გამოუვიდა.

რადიო თავისუფლება​: როგორც ბიძა, როგორი იყო?

გოგი ხოშტარია: მე მქონდა უფლება, მეყურებინა, როგორ ხატავდა ესკიზებს. იჯექი, მაგრამ ჩუმადო, მეუბნებოდა – ეს ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, ბევრი რამე მომცა ამან. ძალიან უყვარდა დედა და დები.

რადიო თავისუფლება​: თეატრში დაჰყავდით ხოლმე?

გოგი ხოშტარია: ყველა პრემიერაზე ჩავდიოდით. როგორ ჩავდიოდით, იცით? გენერალურ რეპეტიციაზე და პირველ პრემიერაზე ვესწრებოდით, შეიძლება მეორეზეც. ოზონივით იყო, ჟანგბადი იმ დამყაყებულ საბჭოთა კავშირში. ახლაც რომ მახსენდება, ყველაზე ნათელი შთაბეჭდილება იყო, დღესასწაული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: