მედიცინა

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი 4-5%-ია

Nusagi

დადებითობის მაჩვენებელი სერიოზულად გაიზარდა – გუშინ დილით 621 ახალი შემთხვევა გვქონდა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი შეცვლილია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის გადაცემის ინტენსივობა სერიოზულად გაიზარდა, რეპროდუქციის ინდექსი, 2.36%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი კი დიდი ხანია, რაც ქვეყანაში არ ყოფილა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც ჩატარებული ტესტებიდან დადებითი პასუხების პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 5%-ს მიუახლოვდა.

„ბოლო 2 კვირაა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარება შეიცვალა, ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 2 თვე კვირაში ერთხელ ჯამდებოდა ეპიდვითარება და საკმაოდ წყნარი იყო. ჩვენ, დღიურად გვქონდა 30-50 ინფიცირება, კვირის მაჩვენებელი კი 100-200 შემთხვევას არ ცდებოდა.

დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი 1%-ზე დაბალი იყო. ბოლო ორი კვირაა, რაც ყოველკვირეული შემთხვევები ორმაგდება. სამშაბათსაც 2570 შემთხვევა გვქონდა. ოთხშაბათს, დილით დღიური 621 შემთხვევა გვქონდა, რაც სერიოზულია.

ჰოსპიტლების დატვირთვა მაღალი არ არის, 7-8%-ს შეადგენს. თუმცა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი შეცვლილია. დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 4-5%-ს მიუახლოვდა. სერიოზულად არის გაზრდილი ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელიც. სერიოზულად გაიზარდა რეპროდუქციის ინდექსი, 2.36% იყო გუშინ, დიდი ხანია, რაც ასეთი მაღალი არ გვქონია. ეს ძირითადად განპირობებულია ახალი ქვეშტამის BA.4 და BA.5-ის ცირკულაციით, რათა მაღალი გადადებით ხასიათდებიან.

საბედნიეროდ, ეს ქვეშტამი არ არის უფრო აგრესიული, ვიდრე მისი წინამავალი შტამები. ყველაზე მძიმე ინდიკატორი ჯერ არ არის გაზრდილი, თუმცა, ეს ყველაფერი საყურადღებო და საფრთხილოა“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,779 ნახვა
%d bloggers like this: