აშშ სრული სერიოზულობით ეკიდება პასუხისმგებლობას ამერიკული წარმოების თავდაცვითი ტექნოლოგიების დაცვისა და მათი გაჟონვის ან უკანონო გავრცელების პრევენციის კუთხით. ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ დახმარების ანგარიშვალდებულება, – ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინსმა განაცხადა.
„აშშ ყოველთვის ითვალისწინებს შეიარაღების უკანონო გავრცელებისა, ისევე როგორც ბრძოლის ველზე დანაკარგების რისკს, როდესაც შეიარაღების გადაცემაზე მსჯელობს, მათ შორის ისეთ რთულ პირობებშიც, როგორიც ახლა უკრაინაშია. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის ხელისუფლება სათანადოდ იცავს და აღრიცხავს ამერიკული წარმოების თავდაცვით შეიარაღებას. ოპერატიულ დეტალებში შესვლის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება გაწეული დახმარებისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
მანამდე გამოცემა Financial Times-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის გამოყოფაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავენ, ვინაიდან შიშობენ, რომ გამოყოფილი შეიარაღება შესაძლოა შავ ბაზარზე აღმოჩნდეს.