პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – „ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს 

Nusagi

ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს – ეს არის ღალატი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტით დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის თანამშრომლობა არსებობს და მმართველი გუნდი ქართველ სამხედროებს საფრთხის წინაშე აყენებს.

„არა ერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას. დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩამოასვენებენ ჩვენ ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ. ეს დამოკიდებულება და რაც ჩვენ გუშინ ვანახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი. ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს. მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“ – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,756 ნახვა
%d bloggers like this: