ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
„2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორჯერ არის მსჯავრდებული და რომელსაც წინ კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელოდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და დააპატიმრეს. 2021 წლის შემოდგომაზე, ბ-ნი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია. ბ-ნ სააკაშვილის სასამართლო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა.
მან დაავალა მთავრობას, მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. მან, ასევე, ბ-ნ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბ-მა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამედიცინო რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ ბ-ნ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის.
საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ, ასევე, ძალზე პოლარიზებული. საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით. თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო „თავისუფლების ქულა“ არის 58/100 20228 წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს. ულტრამემარჯვენე ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.