იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგ სხდომას გამართავს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის მოისმინოს თითოეული წინადადება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
„ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ სასამართლოს მიმართულებითაც, სადაც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეთავაზებები, თითოეულ წინადადებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ. ეს უნდა იყოს არა სიახლე და საცდელი საგანი საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აპრობირებული საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უკვე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამოცდილი და ჩვენ საცდელად არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის რეალობას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომლებიც წინა შეხვედრის დროს გამოიკვეთა მხარეების მხრიდან, ასეთებია მაგალითად: სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები.
გეგმის თანახმად, კანონპროექტი 21 დეკემბრამდე უნდა ინიცირდეს.