თეთრ სახლში, შტურმის დროს მოხდა ხუთი ადამიანის ლიკვიდაცია, მათ შორის ერთი ქალის, სამხედრო მაღალჩინოსნის, რომელსაც ქვეყნის წინაშე ბევრი დამსახურება ჰქონდა. პირდაპირ შუბლში ნასროლი ტყვიით იქნენ მოკლული საკმაოდ დამსახურებული ადამიანები. ასევე დაპატიმრებულია 500-მდე მომიტინგე. პროცესები იმართება თავიანთ ნაქებ სასამართლოში, სადაც მიდის საშინელი ზეწოლა დაპატიმრებულ ადამიანებზე. არის ფაქტები ოჯახებზე ზეწოლის. მათ დაუპირისპირეს საკუთარი შვილები, რომლებიც ხელს ადებენ მშობლებს, რომ ოჯახში საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე,-ასე ეხმაურება ხათუნა ხოფერია აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ საქართველოში პოლარიზაცია „გავრილოვის ღამის “ შედეგია.
ხოფერიას თქმით, მსგავსი ორმაგი სტანდარტი საქართველოს ელჩისგან უკვე გასაკვირი აღარ არის. მისივე თქმით, დეგნანის განცხადებას საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოყვა და საეჭვოა, ამის შესახებ ელჩს თარჯიმნები არ ეუბნებოდნენ
„საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოს პარლამენტის წავრებზე ამბობს-მე არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანებიო. კითხვა ხომ უნდა დაისვას, რატომ არ იცის, სკლეროზი აქვს? დემენცია? მოდით ჩავყვეთ სოციალურ ქსელში კომენტარებს. არ დარჩენილა არცერთი ექსპერტი, არცერთი პოლიტიკურად აქტიური საზოგადო მოღვაწე, არცერთი სოციალურად აქტიური ქართველი, რომელმაც პოსტი არ დადო და არ გამოხატა საშინელი აღშფოთება კელი დეგნანის განცხადების გამო. ხალხი პირდაპირ ითხოვს, დატოვოს კელი დეგნანმა საქართველო. ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ქ-ნ დეგნანს ისეთი გარემოცვა ყავს, რომ ამას არ უთარგმნიან. სხვა თუ არაფერი, დააჭიროს შესაბამის ღილაკს ხელი და კომპიუტერი ქართულ ტექტსებს გადაუთარგმნის ინგლისურად. ის მიხვდება, რა დამოკიდებულებაა მის მიმართ. – კელი დეგნანი დღეს არის საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტისთვის მტერი ნომერი 1. ეს არის ადამიანი, რომელიც უპირისპირდება ქართველ ხალხს. იმ ადამიანებს, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს საქართველოს წარსულსა და მომავალზე“,-აცხადებს ხათუნა ხოფერია.
ხოფერია თანადგომას უცხადებს „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს და ამბობს, რომ დღეს ბრძოლა მიდის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის,
„ის, რასაც დღეს ქ-ნი კელი აკეთებს, პირდაპირ მიმართულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესუსტებისკენ, სახელმწიფოებრიობის ჩამონგრევისკენ, ნაცმოძრაობის რაღაცნაირად გაცოცხლებისკენ. მართალია, წარმოუდგენელია ამ ძალის გაცოცხლება, მაგრამ მცდელობა ხომ არის და ეს ჩვენ ფაქტებით ვიცით. ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს ყველაფერი სასამართლოსთან მიმართებაში. ადრეც ვთქვი, რომ იქნებოდა შემოგდებული სასამართლო სისტემის თემა, რათა მთლიანად იქნეს უზურპირებული და მოქცეული მათი კონტროლის ქვეშ.
წარმოუდგენელია და ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ვნახავდი, რომ აშშ-ს საელჩო აკეთებს რეკომენდაციას- სამი მოსამართლე უნდა იყოს მუდმივმოქმედი და მათ გამო პარლამენტმა კონსტიტუციაში უნდა შეიტანოს ცვლილება. წარმოიდგინეთ, კელი დეგნანის მიერ შერჩეული სამი მოსამართლის გამო, ჩემი ქვეყნის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შეიტანოს. ხვდებით, რას გვიპირებენ?“,-აცხადებს ხოფერია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიცვლება, თუ კელი დეგნანს საქართველოდან გაიწვევენ, ხოფერია პასუხობს, რომ კელი დეგნანი ინსტრუქციებს, რა თქმა უნდა, იღებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თუმცა თვითონ პრეცედენტი, რომ აშშ-ის ელჩი ქართველი ხალხის მოთხოვნით ქნება გაწვეული ქვეყნიდან, იქნება პრეცედენტი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომ ქართველი ხალხისთვის, ჩვენი ღირსებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გადაწყდა“,-განაცხადა მან.
მისივე თქმით, კელი დეგნანის გაწვევის მოთხოვნა სოციალურ ქსელში დღეს ძალიან აქტუალურია და შესაძლოა, საზოგადოებამ სექტემბრიდან ამ მოთხოვნით, აქციები დაიწყოს.