საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. გაიზრდება პარლამენტის ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მათ შორის ეს შეეხება ინტერპელაციასაც. სამუშაო პროცესში, დეპუტატების გარდა, არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა.
„სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, 40-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, რამაც კონკრეტული შედეგი გამოიღო. ეს იყო ძალიან ინკლუზიური პროცესი. გვაქვს პირველი შედეგები. ეს შედეგები უკავშირდება მე-11 პუნქტს, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებას უკავშირდება. მუშაობა დაასრულა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში მოქმედმა ჯგუფმა, რითაც გაძლიერდება ის მექანიზმები, რომლებიც მთავრობის მიმართ ზედამხედველობას უკავშირდება. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ძალიან კონსტრუქციულად მიმდინარეობს, განსხვავებით იმ პროცესისგან, რომელსაც ხელოვნურად და, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის სამი პოლიტიკური ჯგუფი“, – აცხადებს გივი მიქანაძე.