საზოგადოება

დეკანოზი დავით ჭანტურია რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან: წარმატება ნიშნავს წ ა რ ე მ ა ტ ო (მეტი შეაძლებინო) საკუთარ თავს

Nusagi

დეკანოზი დავით ჭანტურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველი სპორტსმენების წარმატებებს ეხმაურება:

რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან: დიდ ფორუმს კონკრეტული მოგებული მატჩებით იგებ. წინა მოიგე თუ წააგე, უნდა დაივიწყო და ცინცხალი განწყობით ითამაშო მოსაგებად. თანამედროვე სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ბოლომდე ბრძოლას მიჰყავხარ გამარჯვებამდე. როცა შენზეა სვლა, მუხლი და მაჯა არ უნდა აგიკანკალდეს. ამას დიდი ვარჯიში სჭირდება, ავტომატიზმამდე მიყვანილი მოძრაობები და არა ემოციური ფონი.

განწყობის კაციაო, თანამედროვე სპორტში არ მუშაობს. თუმცა, აუცილებელია გამარჯვებულის ფსიქოლოგია. ტოკიოს ოლიმპიადაზე შვიდი ფინალიდან მხოლოდ ორი მოვიგეთ. დასაფიქრებელია! ნებისმიერ გუნდს უნდა ჰყავდეს უძლიერესი ფსიქოლოგი და მოტივატორი. მწვრთნელი პირველ რიგში. მაგ: ასანიძე. ბოლო დროს სანიოლი. ზუროსი უდაოდ დიდი მწვრთნელია. ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა აჰყვნენ ბიჭები და ენდონ მის გადაწყვეტილებებს. სანიოლმა ეს მოახერხა. მაისაშვილის ძალიან მაგარი კომენტარი მახსენდება მოგების შემდეგ გაკეთებული, ჩვენ მოგებულიც და წაგებულიც იგივე გუნდი და ბიჭები ვართ, რომლებიც ბოლომდე ვიხარჯებით და უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი ქვეყანაო. ეს უნდა გვახსოვდეს, გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობთ, საკუთრივ ჩვენ ვართ!

გულშემატკივრობას რაც შეეხება, საყვარელ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე სჭირდება მხარდაჭერა: მისი მოგება შენი გამარჯვებაა, მისი წაგება შენი პირადი მარცხი. ბოლო პერიოდში ფეხბურთში ამუშავდა “მე ვარ საქართველო”, ჰიმნი, მაისურები და ატრიბუტიკა. კალათბურთის არენაზე ვიყავი. სამ ხმაში სამღერ შეძახილს, რომლის ტექსტი არ იცის მაყურებელმა, ვერ აჰყვება კაცი. დამეთანხმებით, დარბაზს სხვა სპეციფიკა აქვს, ვიდრე სტადიონს. ვფიქრობ, კარგი დიჯეი და გიორგი ჭანიშვილის დარი მკაფიო დაბალანსებული ტემბრის მქონე დიქტორი ესაჭიროება უსათუოდ. წუთშესვენებაზე საქართველოში გამართულ ევრობასკეტზე სირტაკი არ უნდა ირთვებოდეს. ტურნირის წინა პერიოდშივე უნდა გაჯდეს გულშემატკივარში სამოტივაციო მხარდასაჭერი შეძახილი.

ერთი მუჭა ოქრო ბიჭები, რომლებიც მოტივაციას აძლევდნენ მთელ დარბაზს, თვითონაც ყუჩდებოდნენ ჩვენების წარუმატებელი თამაშისას. წარმატება ნიშნავს წ ა რ ე მ ა ტ ო (მეტი შეაძლებინო) საკუთარ თავს! ამაში გულშემატკივარმა საშველი არ უნდა მისცეს მოთამაშეს მოსადუნებლად. სიყვარული ნიშნავს არა იმას, რას გრძნობ, არამედ იმას, რასაც გაკეთებინებს ეს სიყვარული. გამარჯვება ჩვენს ბიჭებს! გამარჯვება და სიხარული საქართველოს! პ.ს. “ბუს” ვულოცავ მე 200 სანაკრებო მატჩს! მესამე ასეულის დასაწყისს, იმედი მაქვს, გამარჯვების შემდეგ მივულოცავ !!! პ.ს.ს. დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი საკითხია სატელევიზიო კომენტატორების თემა. ვის აქვს და ვის აწვდის ბურთს, ამას მაშინ ვარჩევდით გულშემატკივრები, მოთამაშეებს გვარები რომ არ ეწერათ მაისურებზე. მშრალი სტატისტიკა, ვის რა მონაცემი აქვს, გარკვევით ეწერება ეკრანზე.

კომენტატორმა უნდა გაგიცოცხლოს მატჩი, უნდა დაგასწროს თამაშს. რასაც სარბიელზე მყოფი უშუალოდ ხედავს, ის უნდა გაგრძნობინოს და ნებისმიერ შემთხვევაში შეგინარჩუნოს გულშემატკივრობის მოტივაცია. შენი გუნდის იქნება თუ მოწინააღმდეგის საოცარი თამაშისას შესაბამისი რეაქციით განგაცდევინოს, რა ლამაზია სპორტის ესა თუ ის სახეობა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თეატრალურ ინსტიტუტში ან სადმე, სადაც შესაძლებელია, თუ გაიხსნება კოტე მახარაძის სახელობის სპორტულ კომენტატორთა ფაკულტეტი ან შესაბამისი მომზადების კურსი. მახსენდება, “ნიუკასლში” ქეცბაია რომ ასპარეზობდა, იმ დროის მატჩს აკომენტარებდა ბატონი კოტე მახარაძე. ერთ ეპიზოდში პოზიციური შეტევის წინ ასეთი რამ თქვა, აბა ვნახოთ, რას გვიმზადებენ ბრიტანელი ახალციხელებიო…( new castle ახალ ციხეს ნიშნავს, მოგეხსენებათ). შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება ყველაფერს. რადგან, აქ და ახლა რასაც ამბობ და აკეთებ, ის არასდროს თქმულა და გაკეთებულა ე.ი. ეს პროცესი ცოცხალი შემოქმედებაა. უღიმღამო კომენტირებას კი შემოქმედებას ვერაფრით უწოდებ ადამიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,863 ნახვა
%d bloggers like this: