ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას რუსეთმა საღამოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვით უპასუხა. ფრთოსანი რაკეტებით შეტევის შედეგად, პოლტავის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის დასახლებულ პუნქტებში წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის პრობლემები შეიქმნა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს ტერაქტები უწოდა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კი, განაცხადა, რომ რუსები ასე რეაგირებენ ბრძოლის ველზე თავისი არმიის დამარცხების გამო.
„პირდაპირი გამიზნული დარტყმები კრიტიკულ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე , მათ შორის ხარკოვის უმსხვილეს თბოელექტროსადგურ ТЭЦ-5-ზე – უპირობოდ წარმოადგენს ტერორიზმს რუსეთის მხრიდან, ასევე სურვილს, დატოვოს მშვიდობიანი მოქალაქეები სითბოსა და სინათლის გარეშე. ასეთია მხდალი პასუხი ბრძოლის ველიდან გაქცევის გამო“,-განაცხადა პოდოლიაკმა.