პოლიტიკა

ვაპირებ შევუერთდე „ჯიუტების“ ჯგუფს, ვიცი, ამით არც ქოცების მთავრობა გადადგება და არც მიშას გაანთავისუფლებენ, მაგრამ ყურში მიდგას ერთ-ერთი ჯიუტთაგანის სიტყვები „შემძულდა საქართველო“

Nusagi

პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე პერმანენტულ აქციას შეუერთდება, თუ რამე აუცილებლობამ არ შეუშალა ხელი.

„გუშინ შევუერთდი „ჯუტების“ ჯგუფს მთავრობის სახლის წინ. განცვიფრებული ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ უკვე 198 დღეა, რაც ჩვენ ყოველდღე აქ ვდგავართ 6 საათიდან 7 საათამდეო. ქართული ხასიათისთვის, რომელიც ადვილად აენთება და ადვილადვე ჩაქრება, ეს ჭეშმარიტად უჩვეულო რამ არის.

გამახსენდა, როგორი გულდაწყვეტილი და ბოლოს გულაცრუებული იყო ბევრი, მელიამ ყველა აქცია დაშალაო. სხვათა შორის, კიევში როცა მაიდანის აქცია მიმდინარეობდა, მათ არ ჰყავდა ვინმე ერთი ლიდერი. იყო აქტივისტების არც თუ დიდი ჯგუფი, უმთავრესად კი ეს ხალხის აქცია იყო. ჰოდა, რით არ არის ლიდერი ეს ათიოდე ადამიანი, რომლებსაც უკვე ექვსი თვეა ერთხელაც არ გაუცდენიათ გამოსვლა?! ვინმე როდისმე შეუერთდა მათ? ყოველდღე სიარული, რასაკვირველია, შეუძლებელია, მაგრამ ხომ შეიძლება კვირაში ან თუნდაც თვეში ერთი რომელიმე დღე გამოიყოს იქ მისასვლელად. ეს დიდ სიმხნევეს შემატებდა მათ. ხოლო თუ ვინმე პერმანენტული აქციების მომხრეა, არც ამას სჭირდება უსათუოდ ვინმე ერთი ლიდერი. ამის ბაზა უკვე არის.

საქმე იმაშია, რომ მიუხედავად ჩვენი ლაღი, მხიარული, სამხრული ხასიათისა, ადვილად ჩავიქნევთ ხოლმე ხელს და პესიმიზმში ვვარდებით. მე ბევრი ვიცი, ვინც უკანასკნელ სამ თუ ოთხ არჩევნებზე არ წასულა, მაინც არაფერი გამოვაო. არ ვიცი, ეს ღრმად გამჯდარი პესიმიზმია თუ სიზარმაცე. რომ მოსულიყვნენ, ეგებ გამოსულიყო რამე, ეგებ უკეთესი შედეგები გვქონოდა სხვადასხვა რაიონებში.

მე ვაპირებ ყოველდღე შევუერთდე „ჯიუტების“ ჯგუფს, თუ რაიმე აუცილებლობამ არ შემიშალა ხელი. ვიცი, ამით არც ქოცების მთავრობა გადადგება და არც მიშას გაანთავისუფლებენ, მაგრამ ყურში მიდგას ერთერთი ამ ჯიუტთაგანის სიტყვები – „შემძულდა საქართველო“. ეს რასაკვირველია, მხოლოდ მისი გულმოკლული წამოძახილი იყო და არა სინამდვილე. მას არაერთხელ გამოუცხადებია აქცია, რომელზეც არავინ მისულა. ეტყობა უსათუოდ მელიას ლოზუნგებს ელოდებიან.

სხვათა შორის, ხვალ მე-200 დღე იქნება, რაც ეს განსაცვიფრებელი ჯიუტები, ეს ჩემი საამაყო თანამემამულეები გამოვლენ თავიანთ პოსტზე. ეს ხომ ნამდვილი იუბილეა. ეგებ ზოგი თქვენგანიც შეუერთდეთ მათ ამ დღის აღსანიშნავად? ან თუნდაც დღეს. არც 199 დღე არის ნაკლებად შთამბეჭდავი“,-წერს დოდონა კიზირია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,067 ნახვა
%d bloggers like this: