ძლიერი ქალი ძლიერ ოჯახს, ძლიერ ეკონომიკას და ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს. რა გამოწვევების წინაშე არიან დღეს ქართველი ქალები, არის თუ არა მათთვის ასაკი შემზღუდველი ,-ამ და სხვა კითხვებზე გვესაუბრა ისტორიკოსი თინა ფუტკარაძე, რომელიც საინტერესო პროფესიასთან და დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად, საზოგადოებრივ და სამოქალაქო საქმიანობაშიც საკმაოდ აქტიურია.
-ქ-ნო თინა, არის თუ არა დღეს ქალის ტვირთი მძიმე?
ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ, არა მხოლოდ დღეს, არამედ უხსოვარი დროიდან იყო ქალის როლი მძიმე და ყოვლისმომცველი. ამჯერად განსხვავებული ტიპის ქალები გვხვდება, პირველი არის აქტიური და დამოუკიდებელი, მეორე – ოჯახსა და ტრადიციებზე მიჯაჭვული. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ტრადიცია არ გულისხმობს ქალის როლის დაკნინებას, უმეტეს შემთხვევაში, ქალი ხდება შვილების დედა და ქმნის მისთვის „სასურველ“ ოჯახს. ვთვლი, რომ ძველად ქალის წარმატებას ხშირად ხელს უშლიდა ოჯახი, შვილების აღზრდა, უფროსების დამოკიდებულება მათი მიზნების მიმართ, ძირითადად, ქალი მარტო ვერ ახერხებდა საკუთარი ინტერესების ხმამაღლა გამოხატვას და სურვილები, ცხადია სურვილებად რჩებოდა… რა თქმა უნდა, ეს ყველა ოჯახს არ ეხებოდა, მაგრამ მსგავსი ტიპის პრობლემები რეგიონებში მკაფიოდ იგრძნობოდა.
ახლა ქალები სხვა რეალობის წინაშე დგანან. ქალი არასოდეს ღალატობს საკუთარ მიზანს, ხმამაღლა აფიქსირებს, საუბრობს თავის გეგმებსა და პერსპექტივებზე, რასაც მხარს უჭერს უფროსი თაობაც, პირველ რიგში, მეუღლე. ფაქტიურად, შვილების აღზრდა დღევანდელ რეალობაში, თანაბრად გადანაწილდა მამასა და დედას შორის, რამაც საშუალება მისცა ქალებს, თავისი დრო საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. რეალობა ერთია, დღეს ჩვენ ვხვდებით ბევრად შემდგარ, თამამ, ინტელექტუალურ და განვითარებულ ქალებს, რომლებსაც სახელმწიფოსთვის, ოჯახისთვის და გარშემომყოფებისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ.
-არის თუ არა ასაკი ქალისთვის ხელისშემშლელი დღევანდელ რეალობაში და თქვენ თავად თუ გიგრძვნიათ ეს?
-მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებული ინდივიდია, ყველას თავისი მორალური კანონი აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა არ ვთვლი რომ 40+ ასაკმა რაიმე ტიპის შეზღუდვა დამიწესა, თუ შეზღუდვა მქონდა 20 წლის ასაკში საკუთარ თავთან, ის შეზღუდვა ცხადია მექნება ახლაც, მაგრამ ის, რომ დღეს 44 წლის ვარ, არასდროს ზღუდავს ჩემს სურვილებს, კარიერულ მიზნებს და ფაქტიურად, ამაზე არც კი ვფიქრობ. ორჯერ მივიღე მონაწილეობა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ტიპის კონკურსში, რამდენიმე ტური წარმატებით გადავლახე, და არცერთი წამით არ მიგრძვნია, რომ ჩემი ასაკის გამო მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. იგივეს ვურჩევ სხვებსაც, ნურასოდეს იფიქრებთ ასაკზე, და ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს სურვილების განხორციელებას.
-კიდევ რას ურჩევდით თქვენი ასაკის, 40+ ქალებს?
-ძირითადად, დღევანდელ ქალებს ჩემი რჩევები არ სჭირდებათ, ყველამ კარგად იცის საკუთარი თავის, ოჯახის, ქვეყნის გადარჩენისათვის რაოდენ დიდი ძალისხმევაა საჭირო, და პარალელურად, იცის საკუთარი თავის ფასი, რაც, თავისთავად, მახარებს და მაბედნიერებს. ალბათ უფრო სწორი იქნება, – რას ვუსურვებდი. რა თქმა უნდა წარმატებულ ცხოვრებას, სიმშვიდეს, მათ მიერ დაგეგმილი მიზნებისა და პროექტების განხორციელებას, პოლიტიკაში მეტ ჩართულობას, მამაკაცების მხარდაჭერას. და ბოლოს, დავამატებ, მინდა ჩემს ქვეყანაში აღარ მესმოდეს ძალადობა ქალების მიმართ, მინდა ყველა ქალმა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რაც დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს შეუძლია.
-როგორ ხედავთ საკუთარ თავს ბევრი წლის შემდეგ?
-რა თქმა უნდა, წინასწარ ამაზე საუბარი ძალიან ძნელია, თუმცა ყველა ქალს აქვს ოცნებები, და ცხადია მეც, რომ დიდხანს შევინარჩუნო ჯანმრთელობა, კიდევ დიდხანს შევძლო საკუთარი საქმის კეთება, და რა თქმა უნდა, მჯერა, დადგება დრო, როცა გავალ პენსიაში და არც ეს შემაშინებს, მჯერა, იმ პერიოდშიც მოვნახავ საინტერესო საქმეს, რაც მომიტანს სულიერ, ქალურ სიმშვიდეს. გარდა იმისა, რომ მეყოლება შვილიშვილები და ვიზრუნებ მათზე. ერთი სიტყვით, მინდა გითხრათ, რომ არ მაშინებს წლები. დღეს, როცა ლანა ღოღობერიძის, ნანი ბრეგვაძის ქვეყანაში ცხოვრობ, ამაზე დიდი მაგალითი რა შეიძლება იყოს, რომ ცხოვრება ძალიან საინტერესოა ნებისმიერ ასაკში და ნიჭიერი ქალის როლი უცვლელია.
-როგორ ფიქრობთ, რა არის ქალური ბედნიერება?
-მაპატიეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ქალური ბედნიერება“ მხოლოდ ბანალური ფრაზაა, ქართული სადღეგრძელოსთვის დამახასიათებელი, ძირითადად, ამას უსურვებენ ქალებს, თუმცა არავის აუხსნია, სად და როდის არის ქალი ბედნიერი. ბედნიერება ხომ ინდივიდუალურია. ვისთვის როგორ და როდის გამოიხატება?! ვთვლი რომ, ქალი მაინც ბედნიერია, როცა მის ირგვლივ ყველა ჯანმრთელია, თუ დედაა, მისთვის უპირატესი შვილების წარმატებაა, თუ გასათხოვარია, ძირითადად, ახლობლებზე ზრუნვითაა ბედნიერი. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლია, მე თუ მეკითხებით, ვარ თუ არა ბედნიერი ქალი, რა თქმა უნდა გიპასუხებთ, არა მარტო ბედნიერი ვარ, ამავდროულად მადლიერიც.
-და ბოლოს, რა უნდა გააკეთონ ქალებმა, რომ იყვნენ წარმატებულები?
-არ უნდა დანებდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. დასახული მიზანი ქალებს აუსრულებელი არ რჩებათ!