რელიგია

23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

Nusagi

 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა. 

   დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა.

ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული.

ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.   

წმინდა გიორგი ჩვენი სამშობლოს მფარველია. საქართველოში მისი თაყვანისცემა წმინდა ნინომ, მისმა სისხლით ნათესავმა განგვიმწესა. წმინდა გიორგი მუდამ შეეწეოდა ქართველებს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში და, თანაც, ეს ხდებოდა, როგორც ზეციური მხედრის სულიერი, ისევე – ხილული დახმარებითაც:

დიდგორის ცნობილი ომის დროს მუსლიმთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგი „გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა“ ქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან კრთოდა ამ სახილველით.

სპარსთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს ქართველთა ჯარს წინ ასევე ხილულად მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი: „ ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამძღოლად მათდა“.

   წმიდა გიორგის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,548 ნახვა
%d bloggers like this: