სეზონური ვირუსებზე მზად რომ ვიყოთ და ჩვენი იმუნიტეტი გრიპის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდეს, პრევენციის მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
ქვეყანაში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა. სეზონურ ვირუსებთან ერთან, კვლავ ცირკულირებს კოვიდ-19 გასულ წელთან შედარებით, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ვირუსული ინფექციების გავრცელება მომატებულია, თუმცა მედიკოსების თქმით, ამის მთავარი მიზეზი პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნა და საზოგადოებაში მობილობის გაზრდაა. ექიმების ვარაუდით, გრიპის ვირუსის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს.
„ამჟამად რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. გასული წლის განმავლობაში, ვინაიდან ნიღბების ტარება იყო სავალდებულო და ბავშვები არც ბაღში დადიოდნენ და სკოლებიც ონლაინ იყო, არ იყო ასეთი მჭიდრო კონტაქტები. თვითონ გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევებია და ალბათ დეკემბერ-იანვარში უფრო მოიმატებს. ამისთვის რომ მზად ვიყოთ და ჩვენი იმუნიტეტი გრიპის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდეს, პრევენციის მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი და მიუხედავად იმისა, კორონავირუსული ინფექციაა თუ სხვა რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, სასურველია, სახლში ვიყოთ და სხვა ადამიანებზე არ მოხდეს გადაცემა“, – განაცხადა ჩხაიძემ.