საზოგადოება, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრიც, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნები, უნდა იყოს ერთიანი ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ამაზრზენი, საშინელი, დაუნდობელი ფაქტის შეფასებისას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„გადაბრალება ურთიერთის ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ამორალური საქციელია და ვფიქრობ, რომ საზოგადოება, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრიც, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნები, უნდა იყოს ერთიანი ამ ამაზრზენი, საშინელი, დაუნდობელი ფაქტის შეფასებისას. ყოველთვის და ყველაფერში ადამიანები დამნაშავეს ეძებენ ხელისუფლებაში, თვითონ კი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გადაიწვას, გადაიბუგოს საპატრიარქო, განადგურდეს ქართული ეკლესია და გამალებით, გაშმაგებით ებრძვიან მთელი ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს, მეუფეებს და პატრიარქს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც, რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.