ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი არ პასუხობს კითხვას, რას ეყრდნობოდა მისი განცხადება, თითქოს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კანონი უკრაინამ ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.
ჟურნალისტმა ელჩს დაუსვა შეკითხვა, რომ ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი წარადგინა კომისიაში, მაგრამ შემდეგ გამოიწვია. საქართველოს პარლამენტმა კი მიმართა ვენეციის კომისიას და აღმოჩნდა, რომ უკრაინას კანონპროექტი არ გამოუწვევია. ჟურნალისტი დაინტერესდა რას ეყრდნობოდა მისი ეს განცხადება.
ელჩმა დეგნანმა ამ კონკრეტულ შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა: „ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას, რომ დადგინდეს რამდენად შეესაბამება და პასუხობს ის არსებულ სიტუაციას. ეს არის, როგორც იცით, 12 რეკომენდაციის ნაწილი. ზოგადად, კანონმდებლობის ეს მიმართულება არის საკმაოდ კომპლექსური, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების მოსმენა თუ რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ გარემოსა და სიტუაციას, სწორად ამიტომ აშშ ეთანხმება ევროკავშირის ამ რჩევას“, – თქვა ელჩმა.