ჯანდაცვა

ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის – ივანე ჩხაიძე

Nusagi

„რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონი ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ გრიპის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

„ის რაც დეკემბრის დასაწყისში ხდება, სეზონური ვირუსების შესაბამისი მდგომარეობაა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონურ მატებაზე, სწორედ ამ პერიოდს ვგულისხმობთ.

საქართველოში რესპირაციული ინფექციების სეზონი იწყება ნოემბრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. პიკი დეკემბერ-იანვრის თვეშია, უხშირესად. შედარებით ნაკლები პიკი შეიძლება, მოგვიანებითაც, აღინიშნოს – მარტში, თუმცა ძირითადი მატება რესპირაციული ვირუსული ინფექციების დეკემბერ-იანვარზე მოდის. შესაბამისად, ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, სწორედ სეზონური მატების გამოხატულებაა.

ჩვენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გამო, ასეთი სეზონური მატება არ გვქონია. კორონავირუსმა გარკვეულწილად შეცვალა სეზონურობის ჭეშმარიტი გაგება, თუმცა, ის რაც ახლა ხდება, არის ის, რაც პანდემიამდე პერიოდში იყო მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, ზამთრის რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მკვეთრი მატება. 

გრიპი ახლაც რჩება მძიმე დაავადებების, გართულებების, გარდაცვალების მიზეზი. წელს ქვეყანაში, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, რესპირატორული-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია. ის გავრცელებულია ძირითადად ბავშვებში.

რესპირატორული-სინციტიური ვირუსისთვის  დამახასიათებელია – არა მაღალი ტემპერატურა, არამედ პირდაპირ ზემოქმედება ფილტვებზე, წვრილ ბრონქებზე, შესაბამისად, ეს ვირუსი იწვევს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტს, ასევე, განაპირობებს ფილტვების ანთებას და, ასევე, 65 წელს გადაცილებული პირებისთვის მისი საშიშროება გამოიხატება ფილტვების დაზიანების მაღალი ალბათობით. მოლოდინი იმისა, რომ გრიპის შემთხვევები მოიმატებს, არსებობს.

ჩვენ არსენალში გვაქვს როგორც ანტივირუსული პრეპარატი, ისე – პრევენციული ვაქცინა, რაც საქართველოში წელს 200 000 დოზა იყო შემოტანილი. პირველ რიგში, ეს [ვაქცინა] არის განკუთვნილი რისკის ჯგუფებისთვის, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და განსაკუთრებით – ორსულები“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ტრიპლდემია ეწოდება.

მისი თქმით,  კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა.

ტრიპლდემია, ნიშნავს 3 ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, პირდაპირ განსაზღვრება, რომ ეს არის გრიპი, კორონავირუსი თუ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას სჭირდება ექიმი. არ უნდა დაგვავიწყდეს კორონავირუსის არსებობაც.

სამივე ვირუსისთვის [გრიპი, კორონავირუსი, რესპირატორული-სინციტიური] დამახასიათებელია – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი. კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს, არ ხასიათდება უხშირესად მაღალი ტემპერატურით. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა 37.5-38-ის ფარგლებში, შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

გრიპისთვის ტიპურია – 38-ზე მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ხველა. 

დაავადების მიმდინარეობა ზოგადად გრიპის დროს ყოველთვის მძიმეა, განსხვავებით ომიკრონისგან. თუ ვისაუბრებთ რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსზე, იქ მცირე ასაკის ბავშვებში ძირითადი აქცენტი არის ბრონქიოლების პროცესში ჩართვაზე, რაც გამოიხატება შეტევითი ხასიათის ხველით, მსტვინავი სუნთქვით, სუნთქვის გაძნელებით, ეს ნიუანსი არც გრიპისთვის და არც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ არის.

სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება“, – დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,179 ნახვა
%d bloggers like this: