უკრაინა არავის სთხოვს ნებართვას, დაარტყას თუ არა რუს ოკუპანტებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
„ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, არავის არ ვკითხავთ ჩვენს ინტერესებს – სად და როდის უნდა დავარტყათ მტერი. იმიტომ, რომ მტერი ჩვენთანაა, დაწყებული ჩვენი ტერიტორიის საზღვრებიდან, დამთავრებული ვლადივოსტოკამდე“, – განაცხადა დანილოვმა.
დანილოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას არ სჭირდება რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ „არ გაამწვავოს სიტუაცია“.
„ზოგი ახლა გვირჩევს, რა ვქნათ, რომ რაღაც არ გამწვავდეს – ეს ჩვენს ქვეყანაში არამარტო 24 თებერვლის შემდეგ გამწვავდა, არამედ წლებია მწვავდება, და ვერ ვუღალატებთ იმ ხალხს, ვინც სიცოცხლე გაწირა [უკრაინისთვის], ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ აგრესორს, რომელიც მუდმივად იჭრება ჩვენს ტერიტორიაზე“, – დასძინა დანილოვმა.