არსად არც ერთ შეხვედრაზე არავის არ უხსენებია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა იქნას ისე აღქმული, რომ ეს პერსონიფიცირებულია და ეს რაიმე ფორმით უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს – არსად ამ სახელისა და გვარის ხსენება არ ყოფილა ჩვენი კოლეგების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„კითხვა შეეხებოდა უბრალოდ პროცესს, მის მიმდინარეობასა და მოსალოდნელ შედეგებს, რაზეც იცით ჩვენი მიდგომა და პასუხი. ერთი, რომ აღებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ანუ უკრაინული ანალოგი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში შესაფასებლად. ამაზე მეტის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ დღემდე არ შეეძლო. რაც შეეხება ამის მოსალოდნელ შედეგებს, ამ კანონის შედეგად პერსონიფიცრება საბოლოო ჯამში მოხდება, მაგრამ ვწუხვარ ვაცნობო ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს მაინც და მაინც არ იქნება ბიძინა ივანიშვილი და იქნება სხვა სახელი და გვარები. მთავარი წუხილი, რომ ჩირქი მოეცხოს ამ პროცესს ჩვენი ოპონენტებისგან, ვიცით რაც არის, რომ მათ დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი არ მოხვდეს ამ სიაში, რომელიც არის ნომერ პირველი პრეტენდენტი ამ კანონის მიხედვით. ადამიანი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მილიარდზე მეტი დახარჯა ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე, ხელი მოჰკიდა ასევე ისტორიულ პროექტს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტი აბასთუმანი აღადგინოს და ამისთვის, სრულიად უსასყიდლოდ პროექტები წამოიწყო და ამას თან აკეთებს ღიად, გამჭვირვალედ. ასეთ პროცესს, ასეთ ადამიანს, რომელიც სიკეთეს აკეთებს, ჩვენს კოლეგებსა და ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებულ არასამთავრობოებს უნდათ, რომ ჩირქი მოსცხონ“, – განაცხადა ამილახვარმა.