ვაშინგტონის თქმით, სანქციებს უკვე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და კრემლს არ აქვს სახსრები ომის საწარმოებლად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორმა ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საბანკო ანგარიშებზე არსებული 630 მილიარდი დოლარის რუსული სახსრებიდან 300 მილიარდი დოლარი გაყინულია, დანარჩენს კი რუსეთი ხარჯავს.
„რუსეთმა 80 მილიარდზე მეტი დახარჯა მხოლოდ ამ ომის პირველ თვეებში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბიუჯეტის შემცირება. მათ ახლახან დაკარგეს ყველაზე ღირებული რესურსი – 900 ათასამდე რუსმა დატოვა ქვეყანა. მობილიზაციის, სანქციების და ომის გამო“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს ასევე მიაჩნია, რომ რუსეთისთვის ბევრად უფრო რთულია აწარმოოს ყველაფერი, რაც საჭიროა ომისთვის საჭიროა.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულ ფულს შოულობენ ნავთობის, გაზისა და სასუქის გაყიდვით, ისინი ვერ ყიდულობენ ბევრ რამეს, რაც საჭიროა თანამედროვე ომისთვის“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.
ვაშინგტონს მიაჩნია, რომ უახლოეს წლებში რუსეთის ეკონომიკა მინიმუმ 16%-ით შემცირდება, ხოლო 2030 წლისთვის – 20%-ით.
„ჩვენი სიგნალი ძალიან მკაფიოა, თუ რომელიმე კომპანია დახმარებას გაუწევს რუსეთს სანქციების გვერდის ავლით, ის თავად დაექვემდებარება სანქციებს“, – დასძინა ო’ბრაიენმა.
როგორც ცნობილია, დეკემბრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში შეიყვანა 10-ზე მეტი კომპანია რუსეთიდან და ევროპიდან, რომლებიც კრემლს ეხმარებოდნენ.