ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათლად დადასტურდა ის, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს. ამისთვის იუსტიციის სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან ერთად, გასწია ძალიან დიდი შრომა და მინდა, მივულოცო ყველას. კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენს გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წლის ომში, არ დაუშვიათ არცერთი შეცდომა და დაიცვეს ზედმიწევნით ყველა ის სამართლის ნორმა, რომელიც მოქმედებს ომის პერიოდში. დიდება მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ, – თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, რითაც გამოეხმაურა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებას.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად ყველაფერი გააკეთა.
„ჰააგამ წერტილი განცხადებებს კი არ დაუსვა, ჰააგამ წერტილი დაუსვა იმას და თქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ომში სიმართლე იყო ქართველი ხალხისა და ქართველი გმირების მხარეზე. საკმაოდ მძიმე ბრძოლები გაიარა იუსტიციის სამინისტრომ ამ სიმართლის დასამტკიცებლად სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში და იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ყველა სხვა კოლეგა უწყებასთან ერთად.
თქვენ იცით, მათ შორის, ოპონენტების ერთი ნაწილი რას აკეთებდა? მათ შორის, ოსური მხარის სარჩელები შეჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა იმ ქართველი გმირის ხსოვნა ყოფილიყო უკვდავყოფილი და ყველა იმ მებრძოლის, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა და რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, რომ ებრძოლა აგრესორის წინააღმდეგ, ყველა ამ ადამიანს დაუბრუნა სიმართლე. აი, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა