აქლემის გრიპი – ვირუსი, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში მსოფლიოში აქტიურად საუბრობენ. მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის ექსპერტები თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებიან, ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებენ.
რა არის აქლემის გრიპი?
აქლემის გრიპი (იგივე MERS) არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც იწვევს კორონავირუსი სახელწოდებით – MERS-CoV-ი. ცნობილია, რომ დაავადება Covid 19-ის ნათესავია, წარმოდგენილი სიმპტომები ძალიან ჰგავს SARS-ის (covid) ვარიანტს. აქლემის გრიპი პირველად საუდის არაბეთში 2012 წელს გამოვლინდა.
დაავადება ვრცელდება ვირუსის მატარებელ აქლემებთან მჭიდრო კონტაქტით, აქლემის დაუმუშავებელი ხორცის ჭამით, ან არაპასტერიზებული აქლემის რძის მოხმარებით.
სხვადასხვა დროს ვირუსი დაფიქსირდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ამჟამად არ არსებობს კონკრეტული ვაქცინა MERS-ის ანუ აქლემის გრიპის სამკურნალოდ.
აქლემის გრიპის გავრცელებაზე უკვე შიშობენ ბრიტანეთში, რადგან შესაძლოა კატარიდან დაბრუნებულმა გულშემატკივარმა ქვეყანაში დაავადება ჩაიტანოს. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ უკვე გააფრთხილა ექიმები. The Sun-ის ცნობით, სააგენტომ განაცხადა:
„ექიმებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ MERS-ის გავრცელებას მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებისას“.
სააგენტომ, ასევე, ექიმები გააფრთხილა სუნთქვის გაძნელებითა და ცხელებით დაავადებულ ადამიანებს განსაკუთრებით მიხედონ. მათ ასევე ისაუბრეს ვირუსის „ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის“ შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ვირუსმა დღემდე მთელ მსოფლიოში 858 ადამიანი იმსხვერპლა. ჯანმოს ცნობით, MERS-ის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა საუდის არაბეთში 2012 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში.
დაავადება უფრო მომაკვდინებელია ვიდრე Covid-19, დაავადებულთა მესამედზე მეტი იღუპება.
ცნობისთვის, კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საფრანგეთის ნაკრების შემტევს, კინგსლი კომანტს აქლემის გრიპი დაუდასტურდა.
აქლემის გრიპი – პრევენცია
ვირუსის თავიდან აცილება შესაძლებელია ზოგადი ჰიგიენური ზომების დაცვით, როგორიცაა ხელების დაბანა, ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტის თავიდან აცილება და პირბადის ტარება.
აქლემის გრიპი – სიმპტომები
❗ ცხელება
❗ ხველა
❗ ჰაერის უკმარისობა
❗ პნევმონია
❗ დიარეა
❗ ღებინება
სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან 5-6 დღის შემდეგ, მაგრამ შეიძლება მერყეობდეს 2-იდან 14 დღემდე.