Uncategorized

ანა დოლიძე – ახალი ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ სტატუს კვოს დაანგრევს – New York Times

Nusagi

იმის გამო, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის დროს საქართველოში პოლიტიკა ფაქტობრივად „შეჩერებულია“, ანა დოლიძე თავის ჯერს ელოდება და ხალხის პრობლემების გადაჭრის სათავეში მოსვლას გეგმავს. ამაზე სტატიას New York Times ავრცელებს. 

ანა დოლიძე გამოჩნდა, როგორც მზარდი ფიგურა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, მან საკუთარი პარტია 2021 წელს დააარსა და გასულ თვეს ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის შედეგად დასახელდა ქვეყნის მეოთხე ყველაზე პოპულარულ პიროვნებად.

დოლიძე გამოკითხვის შედეგად საქართველოს პატრიარქს ჩამორჩა. სამაგიეროდ მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაასწრო. დოლიძეს ვერმონტის უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული. კლასელები თურმე მას ეხუმრებოდნენ, რომ ის „საქართველოს პირველი პრეზიდენტი-ქალი გახდება“.

„ანა ბავშვობიდან უჩვეულო ბავშვი იყო. ძალზე მიზანმიმართული და ამბიციური. მას საკუთარი ქვეყნის ბედი ყოველთვის ძალიან აინტერესებდა“, – ამბობს აქტივისტი ვერმონტიდან ჰელენ უაიტი.

ის ვარაუდობს, რომ ანა დოლიძე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და შეასრულებს გეგმებს, რაც მას ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან გააჩნია. 

აშშ-ში უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ ანა დოლიძეს მთელი რიგი სამეცნიერო ხარისხი გაუჩნდა. ის არის თსუ-ს იურისტი, სამართლის მაგისტრი ნიდერლანდების ლიდერის უნივერსიტეტში და კორნელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი.

ანა დოლიძე კანადის დასავლეთ უნივერსიტეტში სამართალს ასწავლიდა. პარალელურად ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა და ყოველთვის, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყოფნის დროს, კანონის უზენაესობის მომხრე იყო.

„ყოველთვის მსურდა ცვლილებების განხორციელება. ეს პოლიტიკას, ადვოკატურას და იურისპრუდენციას ეხება. ძალიან მოტივირებული ვიყავი ყოველთვის“, – ამბობს დოლიძე.

ის აკრიტიკებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. როდესაც სააკაშვილმა 2013 წელს თანამდებობა დატოვა, დოლიძე 2015 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ დოლიძე მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად. პოლიტიკური მოძრაობის შექმნის შემდეგ იძულებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაეტოვებინა. 2020 წელს ის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა და თბილისის ერთ-ერთ რაიონში ხმების 17,9% მიიღო.

მისი პოლიტიკური პოპულარობის ზრდა ოჯახისთვისაც კი მოულოდნელი იყო. ზოგიერთს მიაჩნია, რომ დოლიძე პოპულარული და ცნობილია სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო. ის სოც-ქსელებში წერს მოსახლეობის ხელფასზე, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლაზე, რომლებიც მობილიზაციისგან გარბიან.

დოლიძეს 15 წლის და წლინახევრის შვილები ჰყავს. ანასთვის სხვა ოჯახების პრობლემები კარგად არის ცნობილი. როდესაც ვაკის პარკის შადრევანში მოზარდი დაიღუპა, დოლიძე სახალხო პროტესტს შეუერთდა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული და უფრო მკაცრი კონტროლი მოითხოვა.

დოლიძე შეიძლება ჩაითვალოს ახალ სახედ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებაში ჩართული არ ყოფილა. „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დამფუძნებელია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან მის გასათავისუფლებლად ყველა ღონეს იყენებს. სააკაშვილის მომხრეებისთვის ის პოლიტპატიმარია.

სწორედ ეს დაპირისპირება მმართველ და ძირითად ოპოზიციურ ძალას შორის არის იმ ტრადიციულად ქართული პოლარიზაციის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც ამ ქვეყანას 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახასიათებდა.

„საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების და იდეების გარშემო არის გაერთიანებული, ისინი, პირველ რიგში პიროვნებებს ეფუძნება, ეს ადამიანები კი, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შლიან იმ ყველაფერ კარგს, რაც მანამდე ჰქონდათ გაკეთებული“ – ამბობს  Carnegie Europe-ის ექსპერტი ტომას დე ვაალი.

მისი აზრით, ანა დოლიძე შეიძლება გახდეს ე.წ. მესამე ძალა.

„ის ქალია, ის ახალგაზრდაა და მის მიერ გაკეთებული საქმე მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ კეთდება. ოპონენტებს თავს არ ესხმის და არ სცემს, არ საუბრობს პატრიოტული ლოზუნგებით, არამედ რეალურ პრობლემებზეა ორიენტირებული“, – ამბობს დე ვაალი.

ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ მთავრობა განზრახ ამახვილებინებს მედიას და პოლიტიკოსებს ყურადღებას სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე, რომ მოსახლეობის გონება არ იყოს დაკავებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით.

„ამ დაპირისპირებაში ჩვენ დიდ ფასს ვიხდით. ამ ორი დაჯგუფების დაპირისპირება მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი დაპირისპირების პრინციპით მართავენ, სქემით „გაყავი და იბატონე“. მათი „მიღწევები“ კი უმეტესობას ავიწყდება“, – ამბობს დოლიძე.

ანა დოლიძის თქმით, „ადამიანებს ეკარგებათ ცვლილებების იმედი და ეს პროგრესს ანადგურებს“.

„რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს პოლიტიკაზე პირდაპირ მოქმედებს. ქართველებში არის ერთიანი პოზიცია იმის მიმართ, რომ რუსეთის ნდობა არ შეძლება. რუსეთს ხომ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ბოლო კვლევებით, საქართველოში 89% რუსეთს ძირითად საფრთხედ აფასებს. ასევე, მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ბოლო 10 თვეში, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა, საქართველოში რუსეთის 100 ათასამდე მოქალაქე ჩავიდა, რომლებიც მობილიზაციას ემალებიან. ამაზე ორჯერ მეტმა ადამიანმა საქართველო ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენა და მესამე ქვეყანაში წავიდა. ანა დოლიძე ლიბერალურ სავიზო პოლიტიკას ეწინააღმდეგება და საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებზე კონტროლის დამყარებას მოითხოვს. მაგრამ მის პოზიციას „ქართული ოცნება“ არ იზიარებს, რომელსაც რუსეთთან მიმართებით ორმაგი პოზიცია აქვს დაკავებული. საქართველო, ერთი მხრივ, გაეროში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აძლევს ხმას, მაგრამ მეორე მხრივ, ოფიციალურ განცხადებებში მოსკოვის კრიტიკას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ათიათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად დემონსტრაციებს აწყობს.

ანა დოლიძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე ქართული პოლიტიკა უძრაობის მდგომარეობაში დარჩება:

„ადამიანები ელოდებიან შესაძლებლობას, რომ საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვან სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის არარსებობა გააპროტესტონ. ეს არის მოჩვენებითი სიმშვიდე დიდი ქარიშხლის წინ“, – ამბობს  ანა დოლიძე. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: