ფაქტები თუ არის ისეთი, რომ დასაშვებ ნორმას არ აღემატება რაღაც ნივთიერება ორგანიზმში, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება კამათი, არის თუ არა მოწამვლა და ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები?!,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მე როგორც მოვისმინე დასაშვებ დოზასა და რაოდენობას არ აღემატება ნივთიერებები, რომლის არსებობაზეც კეთდებოდა შორს მიმავალი დასკვნები. აქედან გამომდინარე არანაირი საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა, ობიექტურად არ არსებობს. არ მგონია, რომ ამაზე რაღაც კამათი ღირდეს. უნდა ვნახოთ ფაქტები. ფაქტები თუ არის ისეთი, რომ დასაშვებ ნორმას არ აღემატება რაღაც ნივთიერება ორგანიზმში, ამის შემდეგ როგორ შეიძლება კამათი არის თუ არა მოწამვლა და ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები?!“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას.