„კონკრეტული ევროპარლამენტარები გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძემ კატეგორიულად მიუღებელი უწოდა იმ ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობენ.
„ევროპარლამენტარები, რომლებიც გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან. არ ვიცი, როგორ უნდა უსურვო ადამიანს ის, რომ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე გამოცადონ, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე, ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამაზრზენია ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ.
დავიჯერო, ამ ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? არ იციან, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნესსექტორის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების, მედიის მიმართ და დღეს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.