სამართალი

სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდო

Nusagi

გასულ კვირას ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ორი ფსიქიატრის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებზე დაყრდნობით, ქმედუნარიანად ცნო რიჩარდ ჩიჩაკლი, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება იარაღით ვაჭრობაში მსჯავრდებული ვიქტორ ბუტის თანამზრახველად მიიჩნევს. ამის შესახებ rapsinews-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩიჩაკლის ფსიქიკური მდგომარეობა ორმა ექსპერტმა – ერიკ გოლდსმიტმა და შერილ პარადისმა შეამოწმეს. ისინი უშუალოდ შეხვდნენ ბრალდებულს, გაესაუბრნენ მის ადვოკატს და ტელეფონით დაუკავშირდნენ ჩიჩაკლის ქალიშვილს.

გოლდსმიტი მივიდა დასკვნამდე, რომ ფსიქიკური აშლილობის გამო, ჩიჩაკლი თავის ქმედებებს სრულად ვერ აფასებს.

„… ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის ბუნება და შედეგები გააცნობიეროს. ამასთანავე, არ შეუძლია ადვოკატის როლში საკუთარი თავის დასაცავად გამოვიდეს“, – ამტკიცებს ფსიქიატრი.

საპირისპირო დასკვნას აკეთებს პარადისი. ფსიქიატრი აღიარებს, რომ ჩიჩაკლის პიროვნული აშლილობა აქვს, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, არ იქონიებს გავლენას საკუთარი თავის ადვოკატირების უნარსა და სასამართლოს მიერ დანიშნულ ადვოკატთან კონსულტაციაზე. “აქ სერიოზული ფსიქიკური დაავადება არ არსებობს”, – ამბობს შერილ პარადისი.

როგორც გამოცემა წერს, სასამართლოს შენიშვნა ორ წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით ჰქონდა. კერძოდ, მოსამართლე უილიამ პოლეიმ ყურადღება გაამახვილა გოლდსმიტის გულუბრყვილობაზე, რომელიც თავის შეფასებაში, სავარაუდოდ, ჩიჩაკლის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებს. რაც შეეხება პარადისს, მოსამართლის თქმით, ფსიქიატრის კვლევა სრულყოფილად არ მოიცავდა ზოგიერთ საკამათო საკითხს, მათ შორის ბრალდებას, თითქოს ჩიჩაკლი აშშ-ს სპეცსამსახურების აგენტი იყო და ბუტს უთვალთვალებდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩიჩაკლი შერაცხადად ცნო.

„სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, სხდომაზე ჩიჩაკლი ღირსეულად იქცეოდა და არაპროფესიონალი ადვოკატის კვალობაზე, კარგად გაართვა თავი მოწმეების დაკითხვასა და შუამდგომლობის მომზადებას, ასევე მან შეძლო ნაფიც მსაჯულთათვის საკუთარი პოზიციის წარდგენა. თუ ჩიჩაკლის რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა აწუხებს, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ობიექტურად შეეფასებინა მომხდარი და ეკონტაქტა ადვოკატთან“, – ამბობს მოსამართლე.

ჩიჩაკლი, რომელსაც ამერიკისა და სირიის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ს მოთხოვნით, 2013 წლის იანვარში ავსტრალიაში დააკავეს. მაისის ბოლოს მოხდა შეერთებულ შტატებში მისი ექსტრადაცია და ის სასამართლოს წინაშე წარდგა. მანამდე კი ჩიჩაკლი აცხადებდა, რომ მისი საქმე ხელოვნურად იყო შექმნილი და მის გადახედვას დაჟინებით მოითხოვდა. 2013 წლის დეკემბერში, ნაფიცმა მსაჯულებმა ჩიჩაკლი დამნაშავედ ცნეს მის წინააღმდეგ წაყენებულ ცხრა ბრალდებაში, მათ შორის არის ფულის გათეთრება და თაღლითობა.

ჩიჩაკლიმ სასამართლო პროცესზე ადვოკატის მომსახურებაზე უარი თქვა და თავის დაცვა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. ჩიჩაკლის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება მისმა ადვოკატმა და მრჩეველმა მარლონ კირტონმა გამოთქვა. მან სასამართლოს ცნობა გაუგზავნა და ჩიჩაკლის მდგომარეობის შეფასება ფსიქიატრებმა დაიწყეს.

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ფიგურირებს. ის გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხეს. როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარა ექსპერტიზა, რომლის თანახმად აქვს პოსტ-ტრავმული აშლილობა და დემენცია. მისივე თქმით, დიდი შანსია, დემენცია ტოქსიკურ ელემენტებთან იყოს კავშირში, როგორიც არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი, რაც მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი ციხიდან შესაბამის კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში – ამერიკაში ან ევროპაში, რომ მოხდეს დეტოქსიკაცია ამ ტოქსიური ელემენტების. გოლდსმიტის შეფასებით, ეს დიაგნოზი არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,574 ნახვა
%d bloggers like this: