საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები: Credit Suisse-ის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას

Nusagi

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით პრეს-რელიზს ავრცელებენ, რომელსაც imedinews უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები, ჩვენივე მარწმუნებლის ინსტრუქციის შესაბამისად, ყოველთვის ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ ვამყოფებდით ინფორმირებულს ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ. ჩვენ ამ დაპირებისთვის არასდროს გადაგვიხვევია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე უკანასკნელი ინფორმაციის გაჟღერებიდან, დაახლოებით, 3 თვე მიილია. აქ საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან ჩვენი თავშეკავების მიზეზი „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან მოლაპარაკების (ან, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მოლაპარაკების იმიტაციის) მცდელობა იყო. ამ პროცესის ფარგლებში, ჩვენ ღირსეულად მიგვაჩნდა, რომ შესაძლო მოლაპარაკების პარალელურად, მოწინააღმდეგე მხარისა და მისი მოქმედებების შესახებ ნეგატიური ცნობებისგან თავის შეკავება გვმართებდა. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ უკანასკნელი პერიოდი საზოგადოებისთვის მიმდინარე ინფორმაცია არ მიგვიწოდებია. თუმცა, ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისევ დავუბრუნდეთ საჯარო საინფორმაციო სივრცეს და, მათ შორის, საზოგადოების წინაშე გამოვიტანოთ ის საკითხებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ პრეს-კონფერენციების სახით. ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება როგორც საქართველოში, ასევე, გვექნება მისი დასავლურ მედიაში გატანის მცდელობაც. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიაში საკითხის გატანა შესაძლებელი იქნება, თუკი ამ მცდელობამ ისეთივე ბედი არ გაიზიარა, როგორიც წინა შემთხვევებში. შეგახსენებთ, წარსულში, საერთაშორისო და შვეიცარიულ მედიას უპრობლემოდ გაჰქონდა ინფორმაცია ბანკის დარღვევებთან, ასევე, შვეიცარიული სასამართლოსა და მართლსაჯულების ხარვეზებთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც საქმე მიდგა ჩვენს განცხადებებზე, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი განზრახ მოქმედებდა ბანკის იმიჯის, ისევე, როგორც შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციის დასაზიანებლად და ჩართული იყო პოლიტიკურ ზეწოლაში, ჩვენთვის მედია სივრცე დაუყოვნებლივ დაიხურა. თუკი ინფორმაციის ამგვარი ბლოკირება გაგრძელდება, ეს ცალკე, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, ჩვენ შევეცდებით ის საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად გასაგებად ავხსნათ, რადგან, ზოგადად, საკითხი საკმაოდ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს.

ვინც ჩვენგან მიწოდებულ ინფორმაციას თვალს ადევნებდა, მას ემახსოვრება, რომ „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, ხოლო უკვე მარტის თვიდან ბატონ ივანიშვილს შეექმნა პრობლემები როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ, მართალია დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა საკითხები სასამართლოს გზით ამოიწურა. ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ბატონ ივანიშვილს ძირითად აქტივებზე – თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული. ჩვენ ამ მოვლენას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ. აქ საუბარი არის არა იმ თანხებზე, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, არამედ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც „კრედიტ სუისს“-ში ქურდობისა და თაღლითობის ფაქტს გადაურჩა. აი, სწორედ ეს გადარჩენილი თანხა, კლიენტმა გაიტანა ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით, 5% დარჩა „კრედიტ სუისს“-ში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნვესაყოფად.

აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის მეშვეობით. ეს არის ფინანსური სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს თავად „კრედიტ სუისს“-მა ურჩია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი ეკუთვნის გერნსის კუნძულების იურისდიქციას (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია). სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იმართება „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი ძირითადი თანხები. ტრასტის შენარჩუნებაც იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის არის ბანკთან დავაში მონაწილე სუბიექტი. არის ის ნიუანსიც, რომ, ბანკის მხრიდან თანხმობის არარსებობის პირობებში, ტრასტების დახურვა საკმაოდ ხანგრძლივ სასამართლო პროცედურას მოითხოვს (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკს არანაირი უფლება და საფუძველი არ ჰქონდა, უარი ეთქვა კლიენტისვე სასარგებლოდ შექმნილი ტრასტის დახურვაზე). შესაბამისად, თანხა კი გადავიდა სხვა ბანკში, მაგრამ აქტივს მაინც ტრასტები მართავენ, რაც ნიშნავს, რომ თანხებზე წვდომა ტრასტების მიღმა შეუძლებელია. ხსენებული ტრასტი „კრედიტ სუისს“-ის ტრასტია და, მიუხედავად „კრედიტ სუისს“-თან კავშირისა, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს კლიენტისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. ეს მოცემულობა გრძელდებოდა სწორედ 2022 წლის მარტამდე, ანუ, უკრაინაში ომის დაწყებამდე. 2022 წლის მარტიდან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომელიც სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ დაიხურებოდა კლიენტის მიერ, დაიწყო ბატონი ივანიშვილისთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა, რაც პრაქტიკაში ჯერ გადახდების ერთ-თვიან დაგვიანებაში, ხოლო მას შემდეგ კი კუთვნილ თანხებზე წვდომის სრულ ბლოკირებაში გამოიხატა.

აქ გვსურს მოკლე განმარტების გაკეთება: სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო პროცესები მართალია მიმდინარეობს, თუმცა ორივე იურისდიქციაში დავა დიდი ხნის დაწყებულია: ბერმუდაზე სარჩელი 2016 წელს შევიდა, ხოლო სინგაპურში იურისდიქციის საბოლოო დადგენა 2020 წლის მარტში მოხდა. ამდენად, ის ეტაპი, როდესაც მხარეები ახალ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და პრეტენზიებზე მიუთითებდნენ, 2021 წლის ნოემბრისთვის საბოლოოდ დაიხურა. შესაბამისად, საკუთარი იურისტების რჩევით, ბატონ ივანიშვილს მიეთითა, რომ თანხებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიმდინარე დავების ფორმატში და ფარგლებში სასამართლოების ყურადღების მიქცევა ვეღარ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, სადაც ბატონი ივანიშვილი წარსდგა მოწმის ჩვენებით, მან ოსტატურად ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის კითხვით და თავის პასუხში სასამართლოს მიანიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“. ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი არათუ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში ედავოს ბანკს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს. მეტიც, „კრედიტ სუისს“-დან გატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტების მართვაში დარჩენილ თანხებზე წვდომას სრულად უზღუდავს. მართალია, საკითხის მოსამართლემდე მიტანა მარტივი არ იყო, რადგან საკითხი პირდაპირ არ უკავშირდებოდა მიმდინარე დავას, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიქცევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა. შედეგად, მოსამართლემ უკვე „კრედიტ სუისს“-ს დაუსვა კითხვა, თუ რა მიზეზით არ ხდებოდა კლიენტისთვის არასადავო (უდავო) თანხების გადარიცხვა. სწორედ ამ შეკითხვამ განსაზღვრა ის, რომ „კრედიტ სუისს“-მა დაიწყო ბატონ ივანიშვილთან მოლაპარაკების იმიტაცია და ამ პროცესის განმავლობაში მათ კლიენტს დაუბრუნეს იმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიის სასამართლოს მიერ იყო დაკისრებული 3 წლით ადრე. ამა წლის დეკემბერში, სულ რამდენიმე დღის წინ კი განხორციელდა ზემოხსენებული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა ბატონი ივანიშვილისთვის. ბანკმა ის თანხაც გადაიხადა, რომელსაც „კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული ტრასტი არ რიცხავდა. „კრედიტ სუისს“-ი ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს მწვავედ უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსამართლის დამოკიდებულებაზე ხსენებული ბანკის მიმართ. ამდენად, ბანკი იძულებული შეიქმნა, განეხორციელებინა გარკვეული მანევრი, რომელიც კეთილსინდისიერი მოქმედების მცდელობის იმიტაცია იქნებოდა. აი, სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ის პაუზაც, რომელიც იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში და რომელსაც ამ წერილის საწყის ნაწილში ვისაუბრეთ. პარასკევს, 23 დეკემბერს ყველანაირი ილუზია ამოიწურა.

აქ საკითხი ერთ მცირე გადახვევას მოითხოვს: 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ბატონი ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ბანკმა უკანასკნელი გადმორიცხვები კლიენტის მიმართ სწორედ 14 დეკემბრის შემდეგ აწარმოა. რატომ გავუსვით ხაზი ამ გარემოებას:

ჩვენ ვთქვით, რომ გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტი მართავს ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი თანხების უდიდეს ნაწილს. ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს“-ს, როგორც ბანკს და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ბატონი ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისივე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა. ამასთან დაკავშირებით იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში, „კრედიტ სუისს“-ს ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ბატონი ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისს“-მა გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ბატონი ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. შესაბამისად, ამჯერად უკვე გერნსის სასამართლოში მოგვიწია განცხადების შეტანა იმისთვის, რომ კლიენტს თავისი კუთვნილი, უდავო თანხები დაუბრუნონ და იქაც პროცესი არა დაპირებულ დროს, 2022 წლის სექტემბერში, არამედ რამდენჯერმე (სექტემბრიდან – ნოემბერში, ნოემბრიდან – დეკემბერში, დეკემბრიდან – იანვარში და ა.შ.) გადადების შემდეგ 2023 წლის მარტში შედგება (თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მარტიც გადაიდება). საგულისხმოა, რომ ეს სასამართლო დავაც კი არ არის. ეს არის ფორმალური პროცესი, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ სასამართლო უბრალოდ ადასტურებს გარკვეულ მოქმედებას. ამგვარ პროცესს, რეალურად, ერთი დღე სჭირდება (და ასეც არის, მარტში სწორედ ერთ-დღიანი პროცესია ჩანიშნული). მეტიც, ილუზორული მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ვთავაზობდით ბანკის მაღალი პოზიციის წარმომადგენელს, რომ გერნსის ტრასტის მიერ გაჩერებული თანხის საკითხი სასამართლოს გარეშე მოკლე დროში მოგვეგვარებინა, თუმცა ამაოდ. აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია – ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისს“-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან.

ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს:

ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);

ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი – უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა.

ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია პრესრელიზში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,179 ნახვა
%d bloggers like this: