კულინარია

ნინო კვაჭანტირაძე: მოგვიანებით, როცა ღვეზელმა დედაქალაქში ჩამოაღწია, ქალაქის წესზე გაიპრანჭა

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ კულინარიიის პედაგოგ-დიდაქტიკოსი რომ არ გეგონოთ, არაფრის თქმას არ ვაპირებდი საშობაო ღვეზელზე, მააააგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სათქმელი მაქვს და მეკუთვნის კიდეც, აბა ხინკალზე, ხაშლამაზე არც შეჭამანდებზე და კუბდარებზე გავბედავ რეცეპტები შემოგთავაზოთ.

რაც თავი მახსოვს, არც ერთი შობა არ ჩავლილა ჩემს გარემოცვაში ღვეზელების გარეშე, ვერ დავიჩემებ, რომ ჩემები რაიმე განსაკუთრებულს აკეთებდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი საფუვრით დაღუდღუდებული ცომი კრაჭუნა ყველით და კვასკვასა ყვითელგულა კვერცხით გამოტენილი, ბუხარში კეცზე ან შეშის ღუმელში გამომცხვარი. მაშინ ზამთარში სულ ციოდა, თოვლიც მოდიოდა და ამ გარემოს კიდე უფრო ავსებდა ღვეზელის სასწაული სურნელი.

აი, მოგვიანებით, როცა ღვეზელმა დედაქალაქში ჩამოაღწია, ქალაქის წესზე გაიპრანჭა, მოკლედ, ცომი ახლა იზილება ფქვილით საფუვრით, მაწვნით, რძით, კარაქით და კვერცხით, ცოტაოდენი არაყიც მოსულა. ცომს კი სითბოში კი არა, სიცივეში ვდებთ, რად ცხიმიან ცომს სიცივე უფრო მოსწონს.

დაგჭირდებათ:

ფქვილი – კილო ნახევარი

მაწონი – 500მლ

რძე – ნახევარი ლიტრა

კვერცხი – 2ცალი

კარაქი – 250გრ

საფუარი – 1 ჩაის კოვზი საფუარიც ამდენივე.

შაქარი – 1 სუფრის კოვზი

მარილი – 1ჩაის კოვზი

ნაკლებმარილიანი ყველი 3 კილო.

მოხარშული კვერცხი 22 ცალი

ამ რაოდენობის ცომით გამოდის საშუალო, სტანდარტული ზომის 15-17 ცალი ღვეზელი (შეგიძლიათ რაოდენობა გაანახევროთ.)

ცომს რომ მოზელთ 1 საათი მაცივარში გაჩერებთ, მერე გამოიღებთ და თავიდან ჩაზელთ. 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ ცხობა დაიწყოთ, მანამდე კი მოხარშული კვერცხი ცხელ ღუმელში ან კარაქიან ტაფაზე დაბრაწეთ, ძველად მოხარშულ კვერცხს დოლბანდში გამკრავდნენ და წინა დღით ბუხარში ან შუაცეცხლთან ბოლავდნენ.

ღვეზელი უნდა იყოს ნახევარ მთვარის ფორმის და ეს გარკვეულ რიტუალს უკავშირდებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ, როცა დედა ახალგათხოვილ ქალიშვილთან მიდიოდა მიჰქონდა დიდი, გამორჩეული ფორმის ღვეზელი, ასევე ნათლული ნათლიასთან ღვეზელით იმშვენებდა ხელს. საპატიო სტუმრის ღვეზელში დაჭრილი კვერცხი ხელმოკლეობის ნიშანი იყო. მოკლედ, ღვეზელს ბევრი ამბავი უკავშირდება, მაგრამ უპირველესი შობის დღესასწაულია!

ბედნიერი შობა გაგთენებოდეთ, ამაღამ იესო დაიბადება და ყველას გულში დაბადებულიყოს, განათებულიყოს, გამთბარიყოს…

გიხაროდენ!!!

პ.ს. და მთავარი ყველა რეცეპტისათვის, თქვენი გუნება განწყობაა მთავარი, აბა, მე ფეხზე რომ ვეღარ ვდგავარ, ჩემს წლევანდელ ღვეზლებს პირიდან კვერცხი გადმოუცვივდა და გვერდებიდან ყველი დაექცა, მაგრამ გემრიელია და გულით გაკეთებული!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,632 ნახვა
%d bloggers like this: