საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ საშობაო ზავს ეხმაურება.
ფრანგული მხარის განცხადებით, დროებითი ზავის ნაცვლად, პუტინმა უკრაინიდან ჯარები სრულად უნდა გაიყვანოს.
„საფრანგეთს ღრმად სწამს, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრული გაყვანის გარეშე ვერ მიიღწევა. ეს არის ერთადერთი გზა, რათა ბოლო მოეღოს იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც უკრაინელი ხალხი დგას თითქმის 11 თვის განმავლობაში, რომლებიც გაბედულად იბრძვიან თავისუფლებისა და რუსი აგრესორისგან დამოუკიდებლობისთვის.
განცხადება ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ ილუზიაა. ამით რუსეთს სურს თავისი პასუხისმგებლობის დამალვა. მოსკოვი არ ასრულებს ზავის წესებს და ახორციელებს მზაკვრულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რომელიც 24 თებერვლიდან მუდმივად ადასტურებს, რომ მას არ სურს მშვიდობა და რომ ნაკლებად აქცევს ყურადღებას საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.