იღებდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს? რამდენად იცნობდა ექსპერტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ მსჯავრდადებული ალკოჰოლს მოიხმარდა, – ამ კითხვებით მიმართეს დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელ ექსპერტს, რომელიც ამ დრომდე დისტანციურად იკითხება. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხდომაზე იმის გარკვევას შეეცადა – ჰქონდა თუ არა ექსპერტს პატიმრის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
„დაპატიმრებისასაც კი მოიხმარდა უამრავ ფსიქოტროპულ მედიკამენტს. მიუხედავად ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისა შფოთვითი დეპრესიის გამო, სააკაშვილის სიტყვებით, მაინც ვერ ხდებოდა შფოთვის მოხსნა და ის დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ, კონიაკს, 2 ბოთლამდე, ეს თუ იცოდით, ან ეს ჩანაწერი სად არის თუ იცით?“, – მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ექსპერტს, რაზედაც მან ასე უპასუხა:
„ისეთი ნივთიერებების მოხმარებაში, როგორიც არის ალკოჰოლი, განსაკუთრებით ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს მოხმარება არ ყოფილა ნორმის მიღმა და შესაბამისად, მე ეს არ ჩავთვალე მნიშვნელოვან ფაქტად, რომ მეხსენებინა ჩემს დასკვნაში“.
ურთმელიძე დაინტერესდა, „რამდენად ნორმალურია ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება“. ამ კითხვაზე პასუხად, ამერიკელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ აღნიშნული, ნორმალური არ არის.
„სამედიცინო თვალსაზრისით ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, არ არის ნორმალური“,- თქვა ემანუელ ლახანმა.