მეცნიერება

გრიპის ვირუსი პირველ ადგილზეა ცირკულირების მიხედვით, ხოლო მეორეზე კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე ვირუსების მიმდინარეობის სიმძიმეზე განმარტებას აკეთებს

Nusagi

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტვ „პირველის“ ეთერში ქვეყანაში ვირუსული ინფექციების მატების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ დეკემბერ-იანვარში ინფიცირების მაღალი მატება, არც მოულოდნელია და არც გასაკვირი, რადგან სწორედ დეკემბერი და იანვარი წარმოადგენს პიკურ მაჩვენებელს.

ჩხაიძის თქმით, ის რაც ახლა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ხდება, იმ ფაქტს იმეორებს, რაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხდება. 

„დეკემბერ-იანვარში ინფიცირების მაღალი მატებაა. ეს არც მოულოდნელია და არც განსაკუთრებული ფაქტი იმ სტატისტიკის მიხედვით, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სწორედ დეკემბერი და იანვარი წარმოადგენს პიკურ მაჩვენებელს ინფიცირების თვალსაზრისით. 

ის რაც ახლა ხდება, იმეორებს იმ ფაქტს, რაც ქვეყანაში ხდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს და A გრიპის სიჭარბე გამორჩეულია. სწორედ გრიპია, რომლის მონიტორინგს ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. 

ვინაიდან ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია სწორედ მძიმე მიმდინარეობა, გართულებების მაღალი ალბათობა, საავადმყოფოში მოხვედრის ასევე მაღალი რისკი. თუ გადავხედავთ ბოლო 2 კვირის მონაცემებს ნათელია რომ გრიპი რჩება დომინანტად. შესაბამისად გრიპის ვირუსი პირველ ადგილზეა ცირკულაციის მიხედვით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბოლო კვირების განმავლობაში მეორე ადგილზე არის კორონავირუსი. 

საქართველოში ცირკულირებს, ომიკრონის მე-4, მე-5 ქვევარიანტი და განაპირობებს ინფიცირების მაჩვენებელს. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის სიჭარბეა, რომელმაც იანვრის პირველ კვირას მოიმატა და ეს არის ვირუსი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. მას შეუძლია ფილტვების ანთების გამოწვევა“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მძიმედ მიმდინარეობს დღეს ვირუსის შემთხვევები თუ შევადარებთ გასულ წლებს, ვიდრე კოვიდი გამოჩნდებობა? ჩხაიძე ამბობს, რომ მიმდინარეობის სიმძიმეში განსხვავება არ არის. 

„არანაირი განსხვავება მიმდინარეობის სიმძიმეში არ არის. სამი ჩამოთვლილი ვირუსიდან, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, გრიპი, კორონავირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რა თქმა უნდა გამოირჩევა გრიპი, თავისი გართულებებით, ოღონდ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რისკის ჯგუფები. 

მოსახლეობის გარკვეულ ფენებში გრიპი მიმდინარეობს უფრო მაღალი ალბათობით მძიმე მიმდინარეობით, საავადმყოფოში მოხვედრის რისკის გათვალისწინებით, ეს არის პირველ რიგში 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ეს ჩამონათვალი ზუსტად შეესაბამება იმ რისკის ჯგუფის ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენ ვაქცინაციას განსაკუთრებით ვურჩევთ. 

შესაბამისად, მოსახლეობის ამ ფენებისთვის გრიპის მიმდინარეობა ხასიათდება უფრო მეტი სიმძიმით და ძირითადი, რაზედაც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, ეს არის ფილტვების ანთება. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია რისკის ჯგუფებისთვის, რომელიც აქტუალური რჩება, ეს არის ვაქცინაცია.

დახურულ სივრცეში განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებისას ძალიან კარგი იქნება თუ გავიხსენებთ, პირბადის ტარების პრაქტიკას. ხელების ჰიგიენა, დისტანცირება, ის რაც ძალიან კარგად ვისწავლეთ პანდემიის დროს, ახლაც უნდა გამოვიყენოთ“, – დასძინა ივანე ჩხაიძემ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: